საზოგადოება
სამი ნაციონალი მაჟორიტარი ქვემო ქართლში კვლავ იყრის კენჭს

1-qvemo-sazogadoeba1თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვემო ქართლის რეგიონის შვიდიდან სამ ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

სამივე კანდიდატი მოქმედი დეპუტატია, რომლებიც კიდევ ერთხელ შეეცდებიან მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატების მოპოვებას იმ ოლქებში, რომელთაც ისინი ამჟამად წარმოადგენენ.

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კვლავ იყრის კენჭს დმანისის ერთმანდატიან ოლქში. ოქრიაშვილი პსპ სააფთიაქო ქსელის თანადამფუძნებელია. იგი დეპუტატია 2004 წლიდან. 2008 წელს დმანისის ერთმანდატიან ოლქში 93%-ზე მეტი ხმების მოპოვების შედეგად მან საპარლამენტო მანდატი შეინარჩუნა. მისი მეტოქე „ქართული ოცნებიდან“ კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის ნაცნობი პაატა ხიზანიშვილი იქნება.

დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი ისევ თეთრიწყაროს ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს. ბეჟუაშვილი 1999 წლიდან დეპუტატია; იგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილის ძმაა. ბეჟუაშვილი 2008 წელს თეთრიწყაროს ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის  მანდატი ხმების 71.5%-ით მოიპოვა. „ქართულმა ოცნებამ“ ამავე ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ექიმი მამუკა აბულაძე დაასახელა.

კობა ნაყოფია კენჭს იყრის ბოლნისის ერთმანდატიან ოლქში. ნაყოფიამ თავისი კარიერის ნახევარზე მეტი რუსეთში გაატარა, სადაც სხვადასხვა კომპანიაში წამყვანი თანამდებობები ეკავა. იგი საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა და კომპანია „მადნეულის“ გენერალური დირექტორი გახდა, რომლის მფლობელიც იმ დროს რუსული „პრომიშლენიე ინვესტორი“ იყო. ამ რუსულ კომპანიაში ნაყოფიას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. 2008 წელს მან ხმების 83%-ზე მეტი მოიპოვა და ბოლნისის ერთმანდატიანი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.  ნაყოფია რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის – „აგვისტოს 5 დღე“ – დაფინანსებას დაეხმარა. მისი მეტოქე „ქართული ოცნებიდან“ იქნება ადგილობრივი ექიმი დარეჯან ხვისტანი-ჩხეტიანი.

მმართველი პარტიის სამი კანდიდატი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ქვემო ქართლში ვიზიტის დროს წარუდგინა.