პოლიტიკა
მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიები ცესკოს 1 სექტემბრამდე უნდა წარედგინოს

1-siebi-politika3თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მაჟორიტარი კანდიდატები და პარტიული სიები არჩევნებამდე არაუგვიანეს 29 დღის ვადაში უნდა წარადგინონ. „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

თითოეულ ოლქში თითოეულმა პარტიამ, ბლოკმა თუ საინიციატივო ჯგუფმა თითო კანდიდატი უნდა წარადგინოს.

პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. ჯგუფმა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უნდა წარადგინოს.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.

რაც შეეხება პარტიულ სიებს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

ასევე, პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, რომელსაც რეგისტრაციისთვის ნარკოლოგიური დასკვნის წარდგენაც მოუწევს.

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სქესთა შორის ბალანსის დაცვაზე დამატებითი დაფინანსება.

პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

როგორც უკვე ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნა, შესაბამისად, კანდიდატურები და პარტიული სიები პარტიებმა ცესკოს 1 სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ.