პოლიტიკა
საარჩევნო ბლოკები უახლოეს 15 დღეში უნდა შეიქმნას

1-blokebi-politika2თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკები უახლოეს 15 დღეში უნდა შეიქმნას. „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან.

საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე, არა უგვიანეს 43-ე დღისა, ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი და იმავე არჩევნებისას არ შეიძლება ერთდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში. ბლოკის რეგისტრაცია სრულდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 37-ე დღისა.

კოდექსის თანახმადვე, პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.

არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე, იმ საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა; აქვეყნებს გაუქმების მიზეზებსაც.

შეგახსენებთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ 1 აგვისტოს გაკეთდა.