სამართალი
ორ დღეში „must carry“ უნდა ამოქმედდეს!

1-mastq-samarta3თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში „must carry“-ს პრინციპი უნდა ამოქმედდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრმა ირაკლი მელაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა საკაბელო კომპანიამ ყველა ტელეკომპანია საკუთარ ქსელში უნდა ჩართოს.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ  გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „must carry“-ს პრინციპის ამოქმედების შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასულ თვეს დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლს დაემატა მე-17 პუნქტი. იგი საარჩევნო პერიოდში საკაბელო კომპანიების მიერ სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტს ითვალისწინებს. კერძოდ, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.