ფანჯიკიძის განცხადებით, ივანიშვილის უფლებების დასაცავად შეირჩა საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტი – მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს. ამ სასამართლოს დებულების შესაბამისად, „სკადენმა“ ივანიშვილის სახელით მოამზადა იურიდიული დოკუმენტი „უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ“. ფანჯიკიძის განცხადებით, ეს დოკუმენტი არის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობას შორის დავის დაწყების საფუძველი.
როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, 31 ივლისს ეს შეტყობინება ჩაბარდა საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს. შეტყობინების ტექსტის ქართული თარგმანი ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდება. პროცედურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მიეცა 14 დღე, რათა მან აღიაროს ჩადენილი უკანონობა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას მიაღწიოს ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებთან, რაც გულისხმობს ივანიშვილისათვის 230 მლნ დოლარის გადახდას (სწორედ ამ თანხას თვლის ივანიშვილი მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობად). ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემთხვევაში საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრს დაუყოვნებლივ წარედგინება საჩივარი-მოთხოვნა არბიტრაჟის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც დავას საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული სამართალმცოდნეები განიხილავენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან ერთად იცავს. კბილაშვილის თქმით, ყველა ის საინვესტიციო უფლება, რომელიც შეილახა გასული წლის ოქტომბრიდან, აღნუსხულია და ცენტრს განსახილველად წარედგინება. კბილაშვილმა წარმოადგინა იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომელიც საინვესტიციო კუთხით გასული წლის ოქტომბრიდან დაფიქსირდა. კბილაშვილის განცხადებით, ეს არის „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებით უკანონო ქმედებები, მათ შორის, კანონის შეცვლა, რომლის საფუძველზე „ბანკმა ქართუმ“ 119 მილიონი ლარის ზარალი ნახა.
„კანონის შეცვლა შეეხებოდა იპოთეკისა და გირავნობით უზრუნველყოფილი ქონებების გაუფასურებას. ეს შეეხებოდა, ასევე, ბანკის უკანონო დაჯარიმებას, თითქოსდა იმ ბონუსების, რომელიც მან თანამშრომლებზე გასცა პოლიტიკურად მოტივაციის გამო“, – განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ეს შეეხება იმ უკანონო რეიდსაც, რომელიც შს სამინისტრომ მოაწყო 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ფულის გათეთრების ბრალდებით საინკასაციო მანქანა იქნა დაკავებული. ასევე, ეს შეეხება ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლით ბანკიდან კლიენტების გადინებას. კბილაშვილის განცხადებით, 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს აღნიშნულის გამო ბანკიდან 45 მილიონი ლარი გაედინა. ასევე, დავა ეხება ყადაღას, რომელიც „პროგრესბანკში“ ბიძინა ივანიშვილის წილს დაედო.
კბილაშვილის განმარტებით, დარღვევების ნუსხა ასახული იყო მთავრობისადმი გაგზავნილ შეტყობინებაში. კბილაშვილის განმარტებით, იმ ზარალს, რომელიც თანხობრივად ბიძინა ივანიშვილს მიადგა, პროცენტი დაერიცხება და ხელისუფლების მხრიდან ანაზღაურებას დაექვემდებარება არა მხოლოდ უშუალოდ ის ზიანი, რაც დაადგა, არამედ ამ თანხებზე დარიცხული პროცენტი, რომელიც ბანკთა შორის საერთაშორისო ბირჟის მონაცემებით გაირკვევა.
რაც შეეხება ჯარიმის სახით ივანიშვილის მიერ გადახდილ 80 მლნ ლარს, კბილაშვილის განმარტებით, ეს დავათა ნუსხაში არ შედის, რადგან ივანიშვილმა ეს თანხა არა ჯარიმის სახით, არამედ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაიხადა.