აქტუალური
ახალი სერვისი – „ფაქტების კონსტატაცია“
1-konstatacia-aqtuaa3თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. აღსრულების ეროვნულ ბიუროში ახალი სერვისი „ფაქტების კონსტატაცია“ ამოქმედდა. როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველმა დიმიტრი გუგუნავამ სერვისის პრეზენტაციაზე განაცხადა, ახალი სერვისი უნიკალური საშუალებაა, დააფიქსიროს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ფაქტები და მოქალაქეებმა მიიღონ ოქმი, რომელსაც მტკიცებულებად გამოიყენებენ. მისი თქმით, სერვისის ძირითადი მიზანი ფაქტების დადგენა და მომხდარზე ოქმის შედგენაა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე გურანდა გოგლიძის განცხადებით, სერვისი „ფაქტების კონსტატაცია“  მნიშვნელოვნად შეამცირებს სასამართლო პროცესების ხანგრძლივობას მტკიცების სტადიის ხარჯზე; ასევე, ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას და მოახდენს უფლებათა წინასწარ განზრახული დარღვევის პრევენციას.
მისი თქმით, „ფაქტების კონსტატაციის“ სერვისით მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ქონების გაქირავებამდე მისი მდგომარეობის ასახვისათვის, სამეზობლო დავებისას – წყლის ჩამოშვებისას, საერთო სარგებლობის კიბით, ხეივნით ან გზით სარგებლობით ხელშეშლის შემთხვევაში; ჩუქების, გაყრის, ქონების გაყოფის, მემკვიდრეობის მიღების დროს ქონების სრული ინვენტარიზაციისათვის; შესრულებული სამუშაოს აღწერისათვის, მაშინ, როდესაც დამზადებული ნივთი ან საქონელი არ აკმაყოფილებს კონტრაქტის პირობებს; საავტორო უფლებების დაცვისთვის; პირატული პროდუქციის გაყიდვის დაფიქსირებისთვის; განქორწინების პირობების შეუსრულებლობისას; სტიქიური უბედურებების ან სხვა სახის ავარიულ სიტუაციებში ზარალის შესახებ დაზუსტებული ფაქტის დასადგენად; დაკვეთის შესრულების დროში უმიზეზოდ გაწელვისას და ა.შ.