პოლიტიკა
პრემიერი მერაბიშვილი: „ჩვენი ვალია, რაიონები საავადმყოფოებით უზრუნველვყოთ“

1-imereti-politika2თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას მინისტრთა კაბინეტის წევრები მიმდინარე კვირას იმერეთის მოსახლეობას გააცნობენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

ვანო მერაბიშვილმა კაბინეტის წევრებს დავალება მისცა, რომ იმერეთის ყველა რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ, გააცნონ მთავრობის სამოქმედო გეგმა და მოისმინონ მათი პრობლემები. მერაბიშვილის დავალებით, მთავრობის წევრები შეხვდებიან ჭიათურაში მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობასაც. პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემებისა და პრიორიტეტების მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი გაიწერება.
მთავრობის სხდომაზე ვანო მერაბიშვილმა ისაუბრა ახალი საავადმყოფოების მშენებლობაზეც ვანსა და ხარაგაულში, რაც ამ რაიონების მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების პრობლემას გადაუჭრის.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები დავალებების შესრულებას შეუდგნენ. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ბაგრატის ტაძარში მივიდა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა. კულტურის მინისტრის განცხადებით, ტაძარზე სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ კი კოპიტნარის აეროპორტში საფრენი ბილიკი და მშენებარე ნაგებობა დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, კოპიტნარის აეროპორტში პირველი რეისი კიევის მიმართულებით უკვე სექტემბრის ბოლოს შესრულდება.
ჯანდაცვის მინისტრმა კი წყალტუბოში „ალდაგი ბი-სი-აი-ს“ მრავალპროფილიანი კლინიკა მოინახულა, სადაც 132 ადამიანია დასაქმებული.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედპერსონალს მთავრობის გეგმის პრიორიტეტები გააცნო და ექთნებისათვის ხელფასის მომატებაზე ესაუბრა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ ქვიტირში ლევიძეების 10-სულიან ოჯახს ესტუმრა და მათ სადაზღვევო პოლისები გადასცა.