სამართალი
„ქართული ოცნების“ წევრებს სასტუმროებში არ უშვებენ

1-guguli-samartali3თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები – გუგული მაღრაძე, გიორგი ოთხმეზური, ნიკა და ლევან ყიფიანები – ხულოში წინასწარ დაჯავშნულ სასტუმროებში მეპატრონეებმა არ შეუშვეს.

როგორც გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ხულოში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

„2 დღით ადრე ჩვენი წარმომადგენელი ხულოში არსებულ ერთადერთ დიდ სასტუმროს დაუკავშირდა და ადგილები დაჯავშნა. სასტუმროში თავდაპირველად გიორგი ოთხმეზური მივიდა, რომელსაც სასტუმრო დაკეტილი დახვდა. იგი იძულებული გახდა, ისევ ბათუმში დაბრუნებულიყო. როგორც გაირკვა, ეს სასტუმრო პარლამენტის ვიცე-სპიკერ ანზორ ბოლქვაძეს ეკუთვნის. ამის შემდეგ ხულოში არსებულ კიდევ 2 სასტუმროში ვცადეთ დაბინავება. მიუხედავად იმისა, რომ ხულო ტურისტების სიმრავლით არ გამოირჩევა და სასტუმროები თითქმის ცარიელია, მათმა მეპატრონეებმა უარი განგვიცხადეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი გვითხრა, რომ მას პრობლემებს შეუქმნიდნენ. ეს სამარცხვინო ფაქტია. რომელ ბიზნესის თავისუფლებაზეა საუბარი?!“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, ხულოში მომხდარი ფაქტი პირველი არაა და კოალიციის წარმომადგენლებს სასტუმროს მიქირავებაზე უარი ყვარელსა და ლაგოდეხშიც უთხრეს.

„წინა დღით დაჯავშნულ ნომრებზე გვითხრეს, რომ ათივე მათგანი სასტუმროს მეპატრონის ცოლს სჭირდებოდა. ეს არის ხელშეშლის უსუსური და უგნური მცდელობა“, – აღნიშნა მაღრაძემ.