თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი სატელიტური ანტენების დაყადაღების თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია.
„მაესტროს ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია... სასამართლო არათუ აღწერს და აფასებს რაიმე მტკიცებულებას, არამედ საერთოდ არ ახსენებს არცერთ მათგანს“, – ნათქვამია საიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.მისი თქმით, სასამართლოს განჩინებაში მოყვანილია მწირი თეორიული და ჰიპოთეტური მსჯელობა სტუდია „მაესტროს“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ჩადენაზე.
საიამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, რადგანაც მოსამართლე, ერთი მხრივ, უთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თუმცა დასაბუთებაში მსჯელობს იმაზე, რომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დანაშაულის შესაძლო ჩადენის საფუძვლით დაედო, რაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობაა“.
ორგანიზაციის განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ არ მიეცა დაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან მისთვის მიუწვდომელია გამოძიების მასალები იმ მოტივით, რომ ის მიმდინარე გამოძიების მხარეს არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ: სატელიტური ანტენები, რომელთა დამონტაჟებასაც „მაესტრო“ აუდიტორიის გაფართოვების მიზნით რაიონებში აპირებდა, თვის დასაწყისში მას შემდეგ დააყადაღეს, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ მას საკმარისი მტკიცებულება გააჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ „მაესტროს“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებთან თვალთმაქცური გარიგება ჰქონდა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის მიზნით. გამოძიება არ დაწყებულა რომელიმე კონკრეტული პირის ან სუბიექტის წინააღმდეგ და შედეგად ჯერჯერობით ბრალიც არავისთვის წაუყენებიათ.
საიას განცხადებით, ამ ტიპის გამოძიება ვერ აქცევს „მაესტროს“ საქმის ფორმალურ მხარედ, ვინაიდან მისთვის მიუწვდომელია სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის, საქმეში არსებული მტკიცებულებები.
ტელეკომპანია „მაესტრომ“ განაცხადა, რომ მისი ქონების ჩამორთმევა არის ხელისუფლების მცდელობა – შეაფერხოს საზოგადოების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საპარლამენტო არჩევნების წინ.
ტელეკომპანიის თქმით, ის აპირებდა „სიმბოლურ ფასად“ სატელიტური ანტენების დამონტაჟებას რეგიონებში მაყურებელთა გაფართოების მიზნით დაგეგმილი კამპანიის – „მაესტრო ყველა ოჯახში“ – ფარგლებში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უფლებას აძლევს ხელისუფლებას, მაქსიმუმ, 6 წლით დააყადაღოს „მაესტროს“ კუთვნილი ქონება.
„სასამართლოს მიერ მაესტროს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება და უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მედიისა და, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს მდგომარეობაზე“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.