საზოგადოება
„ამომრჩეველთა ლიგა“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობისკენ მოუწოდებს

1-guncaZe-sazogadoeba3თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. „ამომრჩეველთა ლიგა“ ხელისუფლებასა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას მოუწოდებს, საჯარო გახდეს ამომრჩეველთა ერთიანი სია. როგორც ჟურნალისტებს „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ განუცხადა, საზოგადოება მომსწრე გახდა ხელისუფლების მორიგი ფარსისა პარლამენტის თავმჯდომარისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შესრულებით“.

გუნცაძის განცხადებით, საზოგადოებას, ქართველ ხალხს აინტერესებს ძალზე მკაფიო პასუხები კითხვებზე: რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, რამდენი ამომრჩეველია გასული საქართველოს საზღვრებს გარეთ და რამდენი გვარია მიწერილი და დაუდგენელი.

„თუ ამ კითხვებზე არ იქნება პასუხები გაცემული, ნათელი იქნება, რომ ხელისუფლება ემზადება მორიგი ფართომასშტაბიანი ფალსიფიკაციისთვის და ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვურჩევდით არავის“, – განაცხადა გუნცაძემ.

მისივე თქმით, „ამომრჩეველთა ლიგა“ სპეციალურ ბრიფინგზე ჩატარებული ალტერნატიული კარდაკარის მონაცემებს შეაჯამებს და შესაბამისი ინიციატივებით გამოვა.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გამართა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სრული სახით სია 15 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა. როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, კარდაკარის პრინციპით შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.