საზოგადოება
საშემოდგომო გაწვევა იწყება

1-gawveva-sazogad1თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2012 წლის საშემოდგომო გაწვევა დღეიდან იწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1450 წვევამდელით განისაზღვრა; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა – 1300 წვევამდელით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა – 6772 წვევამდელით.

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გაწვეულნი იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებული არიან, გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები უნდა განუსაზღვროს, რომლებშიც წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის გაიგზავნებიან.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება, აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე თვითმმართველ ერთეულებს, ხოლო ქალაქ თბილისში რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.