ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდის თაობაზე. ივანიშვილის თქმით, მან ეს ჯარიმა მოსახლეობის ზარალის ანაზღაურების მიზნით გადაიხადა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ 80-მილიონიანი ჯარიმის გადახდა ერთადერთი კანონიერი გზა იყო იმისათვის, რომ ივანიშვილს ფულადი შემოწირულობა გაეკეთებინა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამჟამად ოპოზიციური კოალიცია აქტიურ კამპანიას ახორციელებს კახეთის რეგიონში, რათა ეს ინფორმაცია ადგილობრივებს მიაწოდოს, აცხადებს რა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ახლა დამატებით 80 მილიონი ლარი გაუჩნდა, რაც საშუალებას აძლევს მთავრობას, სრულად აანაზღაუროს სტიქიით მიყენებული ზარალი.
„ჩვენ დღეს კახეთში იმისთვის ჩამოვედით, რომ კახეთის მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ბიუჯეტში არსებობს ყველანაირი საშუალება იმისათვის, რომ მათი ზარალი სრულად ანაზღაურდეს; ამაში ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ დანგრეულ სახლებს, გადახდილ ჭერებს, განადგურებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტექნიკას და ასე შემდეგ, არამედ მოსავალს და შინაურ პირუტყვს და ფრინველს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ 30 ივლისს თელავში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქმნის მონიტორინგის ჯგუფებს, რომლებიც მოივლიან „თითოეულ ოჯახს და გადასცემენ ჩვენს სათქმელს, რომ ბიუჯეტში არსებობს დამატებითი 80 მილიონი ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სრულად აუნაზღაურდეთ ზარალი“.
„მონიტორინგის ჯგუფები აღწერენ მათ ზარალს სპეციალური კითხვარის საშუალებით... და შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ ყველანაირ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა სრულად იყოს ანაზღაურებული ეს ზარალი“, – განაცხადა მან.
„ქართულმა ოცნებამ“, რომლის თქმითაც მთავრობის მიერ დაპირებული დახმარება სასაცილო თანხაა იმ ზარალთან შედარებით, რაც რეალურად მიადგა მოსახლეობას, პირობა დადო, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სრულად აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ივანიშვილი ქველმოქმედებას მხოლოდ საბაბად იყენებს საპარლამენტო არჩევნების წინ, ხოლო მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდის რეალური მოტივი კი გადახდაზე თავდაპირველი უარის თქმის შედეგად ხელისუფლების მიერ ჩამორთმეულ საბანკო აქტივებზე კონტროლის დაბრუნებაა. ხელისუფლების მხარდამჭერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი პირველად კახეთის რეგიონის სოფლებს მხოლოდ 22 ივლისს ესტუმრა, სტიქიიდან სამი დღის შემდეგ.
იმავე დროს, მთავრობამ განაცხადა 29 ივლისს, რომ 300 მოხალისე დაიქირავა, ძირითადად, სტუდენტები, რომლებიც კახეთის რეგიონში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრებიან და დეტალურად აღრიცხავენ მათთვის მიყენებულ ზარალს. ამ მოხალისეებს სპეციალური კითხვარები აქვთ, რომლებშიც დეტალურად ჩაიწერება თითოეული ცალკეული ოჯახისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია კახეთში და კახეთის აღდგენისა და აღორძინების შტაბს ხელმძღვანელობს, 30 ივლისს „მოხალისეთა ჯგუფების“ კოორდინატორებს შეხვდა და პროცესის მიმდინარეობა განიხილა.
„თითოეულ ოჯახში შევიდეთ, თითოეულ გლეხს გამოვკითხოთ, ზარალმა კონკრეტულად რა ზიანი მიაყენა... რათა შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები გლეხებისთვის კონკრეტული სამთავრობო დახმარებების გამოსაყოფად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა შეხვედრაზე.
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც კამპანიის ფარგლებში აქტიურ შეხვედრებს მართავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, კახეთს სტიქიის შემდეგ უკვე ბევრჯერ ესტუმა. 30 ივლისს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა სააკაშვილმა თელავში სამხედროებს მიმართა, რომლებიც რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც რეგიონი 30 ივლისს დატოვეს, მათი წვლილისთვის და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ყველა დაზიანებული სახლი არ არის შეკეთებული, „მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ სამჯერ უფრო ჩქარა, ვიდრე ნებისმიერი მთავრობა გააკეთებდა უცხოეთში“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ კახეთის რეგიონი, რომელსაც მან „საქართველოს იდენტურობის უბრწყინვალესი გამოხატულება“ უწოდა, დააზარალა სტიქიამ, რის შედეგად გამოწვეული ზიანი იმაზე ნაკლები არ არის, რაც ქვეყანას 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად მიადგა. თუმცა, მან, ასევე, განაცხადა, რომ სტიქია, მეორე მხრივ, ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონისთვის, რადგანაც იქ ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტები იგეგმება.
მან მოუწოდა ოპონენტებს, „ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდებიან და ხელს ნუ შეგვიშლიან იმ დიდ გეგმებში, რომელიც გვაქვს ჩვენ ამ რეგიონში“.
„ამ სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა, მაგრამ მთავარი, რაც ყველამ დაინახა, საქართველოში არცერთი რეგიონი, არცერთი ქალაქი, არცერთი სოფელი და არცერთი ჩვენი ქვეყნის მკვიდრი არ იქნება მიტოვებული ყველაზე უფრო მძიმე გასაჭირშიც კი“, – განაცხადა სააკაშვილმა.