სამართალი
ომბუდსმენი ჟურნალისტის მიმართ მუქარის გამო გამოძიებას მოითხოვს

1-tuRuSi-samarTaa3თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება „მე-9 არხის“ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.

როგორც სახალხო დამცველის მიმართვაშია ნათქვამი, 2012 წლის 27 ივლისს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ნოდარ ჩაჩუას. ახსნა-განმარტების თანახმად, 2012 წლის 23 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ.თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მას უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც მოსთხოვა, ჩამჯდარიყო იქვე მდგარ ავტომანქანაში. ჟურნალისტი დაემორჩილა უცნობი მამაკაცის მოთხოვნას, ჩაჯდა ავტომანქანაში, სადაც მას კიდევ ორი პირი დახვდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე უცნობმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აჩვენეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩანაწერს გაასაჯაროებდნენ. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უცნობ პირებს მისთვის ვინაობა არ უცნობებიათ, მხოლოდ ის განუმარტეს, რომ იყვნენ ,,სამსახურის“ წარმომადგენლები და შეეძლოთ მისთვის პრობლემების შექმნა.

ახსნა-განმარტების თანახმად, აღნიშნული პირები ჟურნალისტს განმეორებით 2012 წლის 26 ივლისს შეხვდნენ და კვლავ აგრძელებდნენ მსგავს რიტორიკას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ ახსნა-განმარტებაში მოცემული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირების განხორციელება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.

გავრცელდა განცხადება, რომ თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „მე-9 არხის“ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუასთვის მუქარის ფაქტზე. როგორც მასშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ პროკურატურას სარჩელით გუშინ მიმართა. როგორც ჟურნალისტმა სახალხო დამცველის აპარატს განუცხადა, უცნობი პირები მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.