სამართალი
ჯავახიშვილი ვლადიმერ უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

1-javaxx-samar1თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. ნოდარ ჯავახიშვილი, „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი,  ბანკის ყოფილი იძულებითი მმართველის – ვლადიმერ უგულავას, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მოთხოვნით დღეს ის პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას უგულავას გარდა ის ბანკის დროებითი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართაც მოითხოვს, რომელთა მონაწილეობით ბანკის დროებითი მმართველობის დროს 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მილიონი დოლარის სესხი გასცა.

„ქართუ ბანკის“ განცხადების მიხედვით, ბანკის დროებითმა მმართველობამ, რომლებიც აღსრულების ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღების პერიოდში მიავლინა, 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის გაცემის შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არ აქვს. ამასთან, ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გაფორმდა. კერძოდ, დაირღვა „ბანკი ქართუს“ სესხების გაცემისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები. აღნიშნულის მიუხედავად, „ბანკი ქართუ“ ვალდებულია, 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი 31 ივლისამდე გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაირღვევა ლიკვიდობის კოეფიციენტი, რის გამოც შესაძლოა, „ქართუ ბანკში“ ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.