საზოგადოება
აფხაზეთში რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

1-afxaz-sazogadoeba1თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. როგორც „აფსნიპრესი“ იტყობინება, აფხაზეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც ძალაში შესვლის შემდეგ საშუალებას მისცემს რელიგიურ ჯგუფებს, იურიდიული სტატუსითა და საკუთრების უფლებით ისარგებლონ.

თუმცა, კანონპროექტი მეორე მოსმენით პრეამბულის გარეშე იქნა მიღებული, ვინაიდან აფხაზი დეპუტატები მის ფორმულირებაზე ვერ შეთანხმდნენ.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, კანონპროექტის პრეამბულაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი საერო სახელმწიფოა, რომელიც პატივს სცემს მსოფლიოს ყველა რელიგიას: ქრისტიანობას, ისლამს, იუდაიზმს და სხვა რელიგიებს, ასევე, ტრადიციულ აფხაზურ სარწმუნოებას, რომელიც მსოფლიოს ხალხებისა და აფხაზი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

დეპუტატი საიდ ხარაზია პრეამბულაში ახალი ფორმულირების დამატების წინადადებით გამოვიდა, რომელშიც აფხაზეთის ისტორიაში მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის განსაკუთრებულ როლს  გაესმებოდა ხაზი. თუმცა, განათლების, კულტურისა და რელიგიის საპარლამენტო კომიტეტმა, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია, ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

„აფსნიპრესის“ ცნობით, საბოლოოდ, დეპუტატები შეთანხმდნენ, პრეამბულის გარეშე მიეღოთ კანონპროექტი მეორე მოსმენით და მესამე და საბოლოო მოსმენამდე მის ფორმულირებაზე განხილვები განეგრძოთ.