საზოგადოება
შეიარაღებული ძალები სტიქიის ზონას ტოვებენ

1-madloba-sazog2თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სტიქიის ზონა დატოვეს. ბრძანება მიხეილ სააკაშილმა გუშინ თელავში ჯარისკაცებთან შეხვედრისას გასცა.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა შეიარაღებულ ძალებს მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა სტიქიის ლიკვიდაციისთვის ჩატარებული სამუშაოებისთვის.

„როდესაც კახეთს დაატყდა ამხელა ბუნებრივი უბედურება, რომელიც, მართალია, ადამიანის მსხვერპლი აგვაცილა ღმერთმა თავიდან, მაგრამ მატერიალური ზიანით არ ჩამოუვარდება იმ ზიანს, რომელიც მოგვაყენა 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, თქვენ შემოხვედით აქ პირველები და პირველები გადიხართ აქედან, მაგრამ გადის ფორმიანი ადამიანი. მეც ფორმა ჩავიცვი თქვენი დიდი პატივისცემის ნიშნად და თქვენ მოგყვებიან სხვა ფორმიანი ადამიანები, რომლებიც თელავს ააშენებენ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 1300 რეზერვისტი გააგზავნა.