პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალის აღწერას იწყებს

1-aRwera-politika2თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ჩატარებული კარდაკარის მეორე ეტაპს იწყებს.

როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ თელავში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად დაზარალებულ მოსახლეობას ეწვევიან და მათი საჭიროებებისა და სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური ანკეტების მეშვეობით აღწერენ.

„პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, კახელებს ვუთხრათ, რომ ბიუჯეტში არსებობს თანხა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება, ზარალი სრულად ანაზღაურდეს, ამაში ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ დანგრეულ ჭერებს, გადახდილ სახლებს, არამედ მოსავალს, შინაურ პირუტყვს და ფრინველს. გარდა ამისა, ჩვენ ისიც ვთქვით, რომ ერთი წლით ხელისუფლების მიერ კრედიტების გადავადება გამოსავალი არ არის, რადგან არაერთხელ მოვისმინეთ პირადად დაზარალებული მოსახლეობისგან, რომ ისინი 4-5 წლის განმავლობაში ვერ მიიღებენ ვერანაირ მოსავალს და, შესაბამისად, მათ ერთი წლის შემდეგაც კრედიტების დაფარვის საშუალება არ ექნებათ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.