თბილისი, 30 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლაშა შავდათუაშვილის წარმატება მთელ საქართველოს მიულოცა. მისალოცი წერილი პრეზიდენტის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს დაუვიწყარი დღეა მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი გორისთვის - 20 წლის გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მასზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს, ირწმუნა საკუთარი თავის და ეროვნულ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.ამ გამარჯვებას, უპირველესად, ვულოცავ ლაშას, შემდეგ კი ყველა გულშემატკივარს – მთელ საქართველოს. მადლობას ვუხდი ამ პატარა ბიჭს, რომ კიდევ ერთხელ დაანახვა მთელ მსოფლიოს, როგორი მებრძოლები იზრდებიან საქართველოში. მისი გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს უზომო სიყვარული, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ: 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან გუშინ ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორტსმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა საკუთარ ანგარიშზე იუკო ჩაიწერა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია.