საზოგადოება
შეხვედრის შემდეგ რაიონული საავადმყოფოების მმართველიკომპანიების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ რაიონულ საავადმყოფოებში ექთნის ხელზე ასაღები მინიმალური ხელფასი 200 ლარი იქნება. იმ ექთნებს, რომლებიც მანამდე ხელზე 200-დან 350 ლარამდე იღებდნენ, ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ, ხოლო ვინც 350-დან 500 ლარამდე იღებდა – 10%-ით. კომპანიების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის 1 აგვისტოდან მათ ჰოსპიტალურ ქსელში მომუშავე მთელი სამედიცინო პერსონალი დაზღვეული იქნება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება, რათა ხელფასების ზრდა შეეხოს როგორც ექიმებს, ისე უმცროს სამედიცინო პერსონალს, მათ შორის, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში არ შედის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიები: „ალდაგი-BCI“, „ალფა“, „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „აი სი ჯგუფი“ და „ირაო“, ასევე, მათ მფლობელობაში არსებული რაიონული საავადმყოფოების მმართველი კომპანიები: „არქიმედეს კლინიკა“, „მედ ალფა“, „მედიქალ პარკი – საქართველო“, „ჩემი ოჯახის კლინიკა“ და „ჯეო ჰოსპიტალსი“.