სამართალი
თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. 10 დღის ვადაში თურქეთში ჩარჩენილი 6 ქართველი მეზღვაური კუთვნილ გასამრჯელოს მიიღებს და სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ მეზღვაურების დამსაქმებელმა ლაურა ჩადუნელმა განაცხადა. მისი თქმით, გემთმფლობელ ბერძნულ კომპანიასთან მოლაპარაკებები შედგა. საქმეში ჩართული იყო საქართველოს საკონსულო თურქეთში.
ჩადუნელი, ასევე, აცხადებს, რომ 6 მეზღვაურიდან მისი დახმარებით გემ „გრანდ აილანდზე“ მხოლოდ 3 მათგანი მოხვდა.მისივე თქმით, მეზღვაურები გასამრჯელოს 3 თვის განმავლობაში იღებდნენ, შემდეგ კი გემის მფლობელ კომპანიას პრობლემა შეექმნა და მეზღვაურებს გაჩერება სთხოვა, თუმცა გასამრჯელოს ანაზღაურებას დაჰპირდა. ჩადუნელი ამბობს, რომ მეზღვაურებს ბოლო ხელფასის მიღებისთანავე სამშობლოში დაბრუნება შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში გემ „გრანდ აილანდზე“ მყოფი 6 ქართველი მეზღვაური კუთვნილ გასამრჯელოს და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს.
ლაურა ჩადუნელის მიერ დასაქმებული მეზღვაურები გაუგებრობაში სხვა დროსაც მოხვედრილან. ქართველი მეზღვაურები დაატყვევეს აფხაზეთში, ესპანეთსა და ოდესაში. მანამდე კი 15 მეზღვაური სომალელი მეკობრეების 508-დღიან ტყვეობაში აღმოჩნდა.