თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. უკრაინაში ხორბლის ფასმა წლის მაქსიმუმს მიაღწია და ტონაზე 238 დოლარი შეადგინა. „კომერსანტ უკრაინის“ ინფორმაციით, ერთ თვეში ფასებმა 13,5%-ით მოიმატა. 17,4 პროცენტით ავარდა მისი საექსპორტო ფასიც და 310 დოლარი შეადგინა. ამაზე ძვირი ხორბალი მხოლოდ 2011 წლის ივლისში იყო, როდესაც მისმა ფასმა ტონაზე 248 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება სიმინდის ღირებულებას, ის 8,4%-ით, ტონაზე 201 დოლარამდე გაიზარდა, საექსპორტო ფასმა კი, 14%-ით აიწია და 278 დოლარი შეადგინა.გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ხორბლის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ივნისის ბოლოს შავი ზღვის პორტებში რუსული ხორბლის ფასებმა ტონაზე 9 ათასი რუბლი შეადგინა. ფასების ზრდის მიუხედავად, ტრეიდერები კონტრაქტების გაფორმებას არ ჩქარობენ, რადგან ელოდებიან მარცვლეულის კიდევ გაძვირებას ელოდებიან.
აშშ-ში დაწყებული გვალვის გამო ხორბლის, სიმინდისა და სოიოს მსოფლიო ფასები 2008 წლის შემდგომი პერიოდის რეკორდულ ნიშნულს გაუტოლდა, გვალვისგან ლათინური ამერიკის ქვეყნებიც დაზარალდა.
სპეციალისტების აზრით, არც ისე ბევრი დროა საჭირო, რომ მსოფლიო ბირჟის ეს გრიმასები ქართულ ბაზარზეც აისახოს.