საზოგადოება
ზვიად ძიძიგური რუსთავში ჩაეწერება

1-ZiZig-sazoga2თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. ზვიად ძიძიგური თბილისიდან ამოეწერება და რუსთავში ჩაეწერება. ამის შესახებ მან რუსთავის ქიმიკოსთა კულტურის სახლში განაცხადა, სადაც მისი, როგორც რუსთავის მაჟრიტარობის კანდიდატის, მხარდამჭერი შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მაჟორიტარობის კანდიდატმა ერთადერთი მიზეზის გამო მიიღო: მას უნდა, გახდეს ნამდვილი რუსთაველი.

სიტყვით გამოსვლისას ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მას გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ამისთვის ერთობაა საჭირო. „ჩვენი ერთობის გარეშე არაფერი გამოვა, მე მჭირდება თქვენი ნიჭი, თქვენი ჭკუა, თქვენი გამოცდილება, თქვენი ენერგია, თქვენი შესაძლებლობები“, – განაცხადა ძიძიგურმა და იქვე აღნიშნა, რომ რუსთავი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რადგანაც სწორედ მან უნდა შეიტანოს გარდატეხა ქვემო ქართლის რეგიონში და დაეხმაროს მარნეულს, გარდაბანსა და ბოლნისს წინასაარჩევნო პერიოდში.

ქიმიკოსთა სახლში სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ წევრი გოგი თოფაძეც. მან ძიძიგურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანი დაბადებიდანვე პოლიტიკოსი და ოპოზიციონერია. მისივე თქმით, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში ძიძიგურის გამარჯვების შემდეგ ქალაქს ქომაგი და პატრონი ეყოლება.

შეხვედრას კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე, ასევე, „ქართული ოცნების“  წევრები ზაზა აზმაიფარაშვილი და ბიძინა გუჯაბიძე ესწრებოდნენ.