თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს სტუმრობდა და ადგილობრივებს მთავრობის ახალ ოთხწლიან პროგრამას აცნობდა, ისევ თელავს ეწვია – ქალაქს, რომელსაც გასულ კვირას ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა.
თელავში ადგილობრივებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა პირობა დადო, რომ სტიქიით დაზიანებული ყველა სახლის შეკეთებასთან ერთად სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება, რაც, მისი თქმით, თელავს საქართველოს ყველაზე სანიმუშო გვირგვინად და ქალაქად აქცევს.როდესაც ერთმა ქალბატონმა დაიჩივლა პრეზიდენტთან, რომ მისი სახლის სახურავის შეკეთება ჯერ არავის დაუწყია, სააკაშვილმა უპასუხა, რომ სარემონტო სამუშაოები დაზიანებული სახლების მესამედში ჯერ არ დაწყებულა. თუმცა მან ყველგან მისვლის პირობა დადო.
„რომელი მთავრობა რომელ ქვეყანაში მოახერხებდა თუნდაც 70% სახლების (შეკეთების დაწყებას, – საქინფორმი), როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ? ეს არის ჩვენი მთავრობა, ეს არის ჩვენი ეფექტურობა, ეს არის ჩვენი ერთად დგომა, ეს არის ახალი საქართველო“, – მიმართა სააკაშვილმა ადგილობრივებს თელავში.
ამავე დროს, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სტუმრობს სხვადასხვა რეგიონს, სადაც ადგილობრივებს ხვდება და მთავრობის ოთხწლიან პროგრამას აცნობს.
შეგასსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად პრემიერ-მინისტრი 26 ივლისს თეთრიწყაროს რაიონის ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს სტუმრობდა, რომელსაც 6 წლამდე ბავშვებისა და პენსიონერებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი გადასცა. პოლისები ძალაში სექტემბრიდან შევა.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან ახალი სადაზღვევო პროგრამის ამოქმედების შედეგად სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა 900 000-დან 1.9 მილიონამდე გაიზრდება; მისივე თქმით, 500 000 ადამიანს კერძო კომპანიების მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პოლისები აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუზღვეველთა რაოდენობა საქართველოში მოსახლეობის ნახევრამდე შემცირდება.
ხელისუფლება აცხადებდა, რომ უახლოეს გეგმას წარმოადგენდა სახელმწიფო დაზღვევის უზრუნველყოფა ყოველი მეორე მოქალაქისთვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ყველა მოქალაქე იქნებოდა უზრუნველყოფილი საბაზისო დაზღვევით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ივნისის შუა რიცხვებში, რომ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა იქნეს შემოღებული.
როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, 25 ივლისს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დასაქმების სახელმწიფო მინისტრ პაატა ტრაპაიძესთან ერთად თბილისის გარეუბანში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა, რომლის წევრებსაც უმუშევართა რეგისტრაციის დაწყების შესახებ აცნობა. 25 ივლისს მერაბიშვილი თიანეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ოჯახსაც ეწვია, სადაც მან პირუტყვის უფასო ვაქცინაციის პროგრამაზე ისაუბრა.
მართალია მმართველ პარტიას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია კამპანიის დაწყების შესახებ, მაგრამ პარტიის ლიდერები და პოლიტიკური თანამდებობის პირები უკვე თვეებია, კამპანიის სტილში შეხვედრებს მართავენ ამომრჩევლებთან. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშში ასახული მონაცემებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ივნისში, სულ ცოტ,ა 57 ასეთი შეხვედრა გამართეს; „ქართულმა ოცნებამ“ – 105 შეხვედრა; „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 34 და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ – 11.