მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს და მის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტად ორეული მუშაობს! – ასეთი ეჭვი დიდი ხნის წინ გამიჩნდა და ის ყოველდღიურად დასტურდება. თავად განსაჯეთ: მეფე ნამდვილი რომ იყოს, განა წინასაარჩევნო პერიოდში ტყავიდან არ გამოძვრებოდა, რათა აშშ-ისა და ევროპისთვის თავისი დემოკრატიულობა ეჩვენებინა, ხალხის წინაშე დანაშაულები როგორღაც გამოესყიდა და ამით არჩევნებზე გაემარჯვა?!
სინამდვილეში კი რას ვხედავთ?! სრულიად საპირისპიროს! მრავალიდან მხოლოდ რამდენიმე უკანასკნელ ფაქტს მოვიყვან, დანარჩენი კი მკითხველმა განსაჯოს.
ფაქტი №1. რა არის ქვეყანაში დემოკრატიის უმთავრესი კრიტერიუმი? რა თქმა უნდა, არა სასტუმროების, შადრევნებისა და რესტორნების რაოდენობა, არამედ ადამიანის უფლებების დაცულობა, სიტყვის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობის თავისუფლება. ივანიშვილის „ქართული ოცნების“, ტელეკომპანია „მაესტროს“ დევნა, „საქინფორმზე“ ლიბერასტების თავდასხმის ჯერაც გამოუძიებელი საქმე (რომელიც მალე სტრასბურგში აღმოჩნდება): განა მიშა, ის რომ ნამდვილი იყოს, ასეთ უმსგავსობას დაუშვებდა?! მიშა – უდიდესი დემოკრატიზატორი და რეფორმატორი, რომლის იუსტიციის სახლებით აღფრთოვანებული ლორდები და ლორდიხები ამასწინათ ლონდონში ლორდთა პალატაში ერთმანეთს ქოლგებით დაერივნენ?!
ფაქტი №2. ორი თვის წინ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა „თელასის“ ყიდვის სურვილი გამოთქვა, ხელისუფლება, არჩევნების წინ მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით,იმ აბსურდულ დადგენილებას გააუქმებს, რომლითაც ნაგვის კომუნალური გადასახადი დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობას მიება. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი – დღეს ამ დადგენილებას მართლაც აუქმებენ, მაგრამ უარესი რამ მოიფიქრეს: ახლა ნაგვის გადასახადი მიებმება... გადასახადის გადამხდელის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართობს! ესე იგი, ნახევრად მშიერმა თბილისელებმა, რომლებსაც გადასაყრელი ბევრი არც არაფერი აქვთ, ახლა ნაგვის გადასახადი საკუთარი ბინის კვადრატურის პროპორციულად უნდა იხადონ?! განა პიარის ოსტატი სააკაშვილი, ის რომ ნამდვილი ყოფილიყო, ხმის მიცემამდე სულ რაღაც ორთვენახევრით ადრე ელექტორატს ასე გაანაწყენებდა?!
არადა, ეს ხომ იმისათვის კეთდება, რომ ძირძველი თბილისელები ძველი თბილისის ამჟამად პრესტიჟული ცენტრალური რაიონებიდან, მე-19 საუკუნის ევროპული არქიტექტურის სტილის ულამაზესი სახლებიდან გამოაძევონ, სადაც ბინები, მომიტევეთ, „ხრუშჩოვკებზე“ ბევრად დიდია! „პენსიონერებო და უმუშევრებო, ფართობის მიხედვით ნაგვის გადასახადის დაფარვა არ შეგიძლიათ?! ქალაქის გარეუბნებში, კორპუსებში გადადით საცხოვრებლად და ამიერიდან ფეხები იქამდე გაჭიმეთ, სადამდეც საბანი გაგწვდებათ! თქვენს ყოფილ ბინებში კი ფულიანები შევლენ!“ – აი, იმ ხელისუფლების ახალი ჩანაფიქრი, რომელსაც სააკაშვილის ორეული ხელმძღვანელობს...
დიახ, სწორედაც რომ ორეული, რადგან ნამდვილ სააკაშვილს თავისი გადაწყვეტილებები არასდროს გაუუქმებია: ვინმეს ახსოვს, რომ მიშას უკან დაეხიოს?! არავის! ესე იგი, ან მიშა ნამდვილი არ არის, ანდა... ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილების მცდარობა აღიარა! და აქ ერთბაშად ორი კითხვა იბადება:
პირველი – თუ დადგენილება, რომლითაც ნაგვის კომუნალური გადასახადი დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობას მიება, ხელისუფლებამ მცდარად ცნო, დაუბრუნდებათ თუ არა გადასახადის გადამხდელებს ამ მცდარი დადგენილების მოქმედების მთელ პერიოდში გადახდილი თანხა?
მეორე – თუკი ეს დადგენილება მართლზომიერი იყო, ხომ არ გვევლინება მისი გაუქმება საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის პირდაპირ მოსყიდვად?!
ფაქტი №3. ნუთუ პრეზიდენტ სააკაშვილს დაავიწყდა, 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციამდე“ ორიოდე დღით ადრე, თუ როგორ ურიგებდა მისი თანამებრძოლი (დღეს რომ მაღალი სახელმწიფო პოსტი უკავია) პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან 10, 20, 30 ლარს „რევოლუციონერებს“, რომელთა წყალობითაც ეს „რევოლუცია“ შედგა?! რა თქმა უნდა, ნამდვილ მიშას ეს ახსოვს და ამიტომ რა სახით დაადანაშაულებდა დღეს ივანიშვილს მოსახლეობის მოსყიდვაში?!
ფაქტი №4. ახალი სამთავრობო პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს“, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო დასაქმებას ითვალისწინებს (ესე იგი, მთელი ეს წლები სხვა პროგრამა – „მეტი სარგებელი ხელისუფალთ“ – მოქმედებდა?!). განა სააკაშვილი, ის რომ ნამდვილი იყოს, არ მოინდომებდა, დანაშაული გამოესყიდა უფროსი თაობის წინაშე, რომლის ჩარეცხვისკენ მოუწოდებდა, როგორც მძიმე საბჭოთა წარსულის უსარგებლო გადმონაშთის?! რა თქმა უნდა, მოინდომებდა, განსაკუთრებით – არჩევნების წინ!
ჩვენ კი რას ვხედავთ?! დასაქმების ახალი სამინისტროს აგენტები უმუშევრების მონაცემთა ბანკის შესაქმნელად თითოეულ ოჯახში რეკავენ და თავიდანვე აზუსტებენ: „დაგვისახელეთ უმუშევრები თქვენს ოჯახში, მაგრამ მხოლოდ 20-დან 40 წლამდე, თუ ასეთები არ გყავთ, და თუ არა, კარგად ბრძანდებოდეთ!”. ასე უფუჭებენ იმიჯს სააკაშვილს მტრები, რომლებმაც ის ორეულით შეცვალეს...
ფაქტი №5. სტიქიური უბედურება კახეთში, რომელიც კრასნოდარის სტიქიური უბედურების კვალდაკვალ მოხდა (რუსეთსა და საქართველოში სტიქიური უბედურებებიც კი ერთდროულად ხდება!..). „სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას 150 მილიონი ლარი სჭირდება!“ – პრეზიდენტ სააკაშვილის ორეულმა იგივე ციფრი დაასახელა, რომლითაც მანამდე ოპოზიციონერი ივანიშვილი დააჯარიმა... და საქმე აქ ის კი არ არის, რომ უსამართლოდ ექსპრორირებული არასდროს არავის შერგებია, არამედ ის, რომ, მიშა ნამდვილი და არა ორეული რომ ყოფილიყო, პირდაპირ სთხოვდა ამ ფულს ბიძინას, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა, და არ დააჯარიმებდა მას და თან ამისთვის კანონებსა და კონსტიტუციაში სპეციალურად ათობით შესწორებას კი არ შეიტანდა!
ფაქტი №6. ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი ნამდვილი რომ იყოს და არა ორეული, განა ის სტიქიური უბედურების ზონებში რეზინის კალოშებით ირბენდა?! განა უმაღლესი მთავარსარდალი (სტალინს ვგულისხმობ) ომს მოიგებდა, თავის სტავკაში ჯდომის ნაცვლად ერთი ბრძოლის ველიდან მეორეზე რომ ერბინა და მეთაურები ეკონტროლებინა?!
მთავარსარდალმა ხელქვეითებს უნდა უმთავარსარდლოს, თუკი მათ ენდობა: რისთვის დაქრის მიშა რაიონებში და თავისი იქ ყოფნით ადგილობრივ ხელისუფლებას პირდაპირი მოვალეობების შესრულებაში ხელს უშლის?! სად დაიძინებენ პრეზიდენტი და მისი დაცვა, რის მირთმევას და დალევას ინებებენ, რა ვქნათ, თუ მას მშვენიერ სქესთან გართობა მოუნდება, რა დაუჯდება რაიონის ბიუჯეტს ეს ექსტრიმი? – აი, რით ჰქონდათ ამ დღეებში თავი დამატებით დაკავებული საბრალო რაიონულ ხელმძღვანელებს...
პასუხი მარტივია: რაიონებში სირბილი სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო პიარი და სწორედ ის მოსახლეობის მოსყიდვა, რომელშიც სააკაშვილის ორეული ხელაღებით ადანაშაულებს ივანიშვილს! იმიტომ, რომ ნამდვილმა მიშამ კომკავშირული სკოლა გაიარა და, თავისი ორეულისგან განსხვავებით, მშვენივრად არჩევს, სად პროპაგანდა და აგიტაციაა, სად – მოსყიდვა, სად კი – პიარი!
ფაქტი №7. ნამდვილი სააკაშვილი არასოდეს გადაწყვეტდა ახალი პარლამენტის აშენებას ქუთაისში, რადგან თბილისში ძველის რემონტზე სულ ცოტა ხნის წინ მილიონობით ლარი დაიხარჯა, მათ შორის, ეზოს ძვირადღირებულ საფარზე, სადაც პრეზიდენტი მაღალ სტუმრებს იღებდა. ახალი პარლამენტის მშენებლობაზე დახარჯული ფული კი (შენობის მოწყობა, სამსახურებისა და არქივის გადასვლა, პარლამენტარებისათვის დაქირავებული ბინების გადასახადი და საწვავისა და ავტომობილების მიმდინარე ხარჯები რომც არ ჩავთვალოთ) ათობით სტიქიური კატასტროფის ლიკვიდაციას ეყოფოდა!
და განა ნამდვილი მიშა (რომელსაც საშინლად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი და ქართული ეკონომიკის მთელი დარგები რუსულ კაპიტალს მიჰყიდა!) რუსეთის მთავარ მოკავშირეს – ჩინეთს – პარლამენტს მიჰყიდდა? ისტორიულ შენობას თბილისის ცენტრში, საქართველოს მთავარი მოედნიდან – თავისუფლების – ორიოდ ნაბიჯში, რომლის წინ ქართველის სისხლი ბევრჯერ დაღვრილა?!
როგორც ამბობენ, ეს, პრაქტიკულად დაუნგრეველი შენობა, დანგრეული მართლმადიდებლური ტაძრის ადგილას აშენებული, ჩინელ ბიზნესმენებს მიჰყიდეს, რომლებიც საქართველოში მცირე ბიზნესის შთამბეჭდავ სეგმენტს ფლობენ; რომლებიც საქართველოში უკვე 100 ათასზე მეტნი არიან; რომელთა უმეტესობა გაჭირვებულ, უმუშევარ, მაგრამ ბინისა და რეგისტრაციის მქონე ქართველ ქალებზე დაქორწინდა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნორჩი ვერა ქობალიას საყურადღებოდ: დადის ხმები, რომ ჩინელები პარლამენტის, სოცრეალიზმის საუკეთესო ტრადიციებში აშენებულ შენობას იმიტომ ყიდულობენ, რომ იქ მაო ძედუნის მუზეუმი მოაწყონ, ხოლო ეზოში, შადრევანთან, უმაღლესი მთავარსარდლის ნეშტი გადმოასვენონ (ისევ სტალინს ვგულისხმობ).
ამის შემდეგ ჩინეთის ხელმძღვანელობა დაავალდებულებს ყველა ჩინელს – ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოინახულონ დიადი მესაჭის – მაო ძედუნის მუზეუმი და მისი დიადი მეგობრის – გენერალისიმუს სტალინის საფლავი!
წარმოგიდგენიათ, როგორ გამდიდრდება საქართველო ჩინური კულტურული ტურიზმისაგან, როგორი მდგრადი გახდება ამის შემდეგ ქართული ეკონომიკა?! მოსვლია თავში ამგვარი ბიზნესიდეა ჩვენს პატარა ვერას?!
ფაქტი №8. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თბილისში აფხაზეთის რაიონების რამდენიმე ათეული ყოფილი მკვიდრი მუშაობს (ენა არ მიბრუნდება, ეს ადამიანები დევნილებად მოვიხსენიო!) – ძალზე მცირერიცხოვანი, მაგრამ სოლიდურად უზრუნველყოფილი კატეგორია ნაძირალებისა, რომლებსაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და დევნილების აფხაზეთში დაბრუნება ხელს არ აძლევს, რადგან მათ, სამხედრო დამნაშავეებს, ფიცის გამტეხ ყოფილ „კაგებეშნიკებს“ და სხვა ჯურის მოღალატეებს, აფხაზეთში აღარ ჩაესვლებათ! მხოლოდ ომით, რომლის ტალღაზეც იმედოვნებენ იქ დაბრუნებას, მაგრამ არა ჩვეულებრივ დევნილებთან ერთად, არამედ სამხედრო ხუნტის სათავეში, რომელიც, მათი იმედებით, იქ სისხლიან დიქტატურას დაამყარებს და ანგარიშსწორებას დაიწყებს...
ისინი თბილისშიც იმავეს ამზადებენ: სააკაშვილის ორეულის მიერ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელშიც „ნაცმოძრაობა“ გაიმარჯვებს, სპეცსამსახურთა კმაყოფაზე მყოფი ეს სექსოტები დედაქალაქში „გრძელი დანების ღამის“ მოწყობას ლამობენ. მათ ბლოგებზე სხვაგვარად მოაზროვნეებთან ანგარიშსწორებისა და სამეგრელოში შექმნილი სახალხო ლაშქრის აფხაზეთში პარტიზანული ომისთვის გამოყენების (თანაც – წელსვე) კონკრეტული გეგმები დევს!
სააკაშვილი (რომელიც რუსეთთან თუნდაც რაიმე ურთიერთობის დასამყარებლად პუტინთან გასვლის ნებისმიერ გზას ეძებს!) ნამდვილი ნიკოლოზოვიჩი და არა – ღმერთმა უწყის, ვისოვიჩი, რომ ყოფილიყო, განა სასწრაფოდ არ დააპატიმრებდა ამ პროვინციელ პროვოკატორებს, რომლებიც სახელს უტეხენ მას, რუსეთს არაორაზროვან სიგნალებს უგზავნიან საქართველოს ხელისუფლების ვითომდა დივერსიული ზრახვების შესახებ, თანაც სწავლება „კავკასია-2012“-ის პერიოდში?! და ამით სამხედრო ჩარევის (სულ ცოტა, პრევენციული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარების) საბაბს აძლევენ?!
P.S. კეთილი, საქართველოს სათავეში ორეულია, მაგრამ ნამდვილი სააკაშვილი სადღაა? – იკითხავს მკითხველი.
ნუ ღელავთ, ის ცოცხალი და საღ-სალამათია! როგორც ამბობენ, ის დაამწყვდიეს ციხესიმაგრე იფ-იფ-იფ-ში, სადაც მიშა ხინკლისა და ქალების ნაკლებობას არ განიცდის, ოღონდ სახე რკინის ნიღაბში აქვს ჩაჭედილი...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი