სამართალი
ვლადიმერ უგულავა „ქართუ ჯგუფის“ დროებითი მმართველი აღარაა

1-ugulavaa-samartali3თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. ვლადიმერ უგულავას „ქართუ ჯგუფის“ დროებითი მმართველის სტატუსი აღარ ექნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად უგულავამ განუცხადა. მისი თქმით, კრედიტორის,  ანუ სახელმწიფოს, მოთხოვნები სრულად არის დაკმაყოფილებული, დარჩა ფორმალური მხარე, რომლის შედეგადაც მას დღეს იძულებითი მმართველის სტატუსი აღარ ექნება.

უგულავას განცხადებით, მას აქვს ვალდებულება, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

„შემდეგ კი, პროცედურების მიხედვით, აღსრულების ბიურო სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას „ქართუ ჯგუფისთვის“ იძულებითი მართვისა და ყადაღის მოხსნის შესახებ. სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილება 24 საათში უნდა მიიღოს“, – განაცხადა ვლადიმერ უგულავამ. ამ განცხადების შემდეგ უგულავამ „ქართუ ჯგუფის“ ოფისი დატოვა.

ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში 80 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ განაცხადა. მისი ადვოკატის – სანდრო ბარამიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა, საიდანაც 75 მილიონი შეადგენს ჯარიმის თანხას, დანარჩენი კი წარმოადგენს ჯარიმის გადახდის ვადების დარღვევისთვის დაკისრებულ 7%-იან დანამატს.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% ქართუ ჯგუფში, აქციების 100% სს ქართუ ბანკში, აგრეთვე, აქციების 21,7% სს პროგრეს ბანკში 26 ივნისს დაყადაღდა.

12 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების მმართველად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.