აქტუალური
ოლიმპიური კომიტეტისგან პასუხის მოლოდინში

1-olimp-aqtualir1თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრესსამსახურის უფროსის – კახა ბერიძის, თქმით, საპროტესტო წერილზე პასუხს თუ ვერ მიიღებენ, ადგილზე შეეცდებიან შესწორების შეტანას.

პროტესტი ეხება რუსეთის სახელით მოასპარეზე ორი სპორტსმენის – ბესიკ კუდუხოვისა და დენის ცარგუშის – დაბადების ადგილების შეცდომით მითითებას. რუსეთის მიერ ლონდონის ოლიმპიურ კომიტეტში გაგზავნილ დოსიეში ამ სპორტსმენების დაბადების ადგილად რუსეთია მითითებული, მაშინ, როცა კუდუხოვი სამხრეთ ოსეთშია დაბადებული, ცარგუში კი – აფხაზეთში, გუდაუთაში.

კახა ბერიძის თქმით, მათ გადაამოწმეს საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ჯარჯი ზვიადაურის დოსიეც. მისი დაბადების ადგილად საქართველოა მითითებული.

„ეს არ არის ლონდონის ოლიმპიური კომიტეტის შეცდომა. ქვეყნები სპორტსმენების სიასთან ერთად დოსიესაც აგზავნიან. რუსეთის კომიტეტმა ქართველ სპორტსმენებს დაბადების ადგილად რუსეთი ჩაუწერა“, – ამბობს კახა ბერიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები 200 კაციანი შემადგენლობით ლონდონში უკვე გაემგზავრა. საქართველოს სახელით 35 სპორტსმენი იასპარეზებს.