საზოგადოება
„მაესტროს“ მხარდამჭერი აქციები პერმანენტულად გაგრძელდება

1-aqcia-sazoga3თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. „მაესტროს“ მხარდამჭერი აქციები ტელეკომპანიისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნებამდე პერმანენტულად გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ ჟურნალისტებს გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა. მისივე განმარტებით, კონკრეტულ გეგმებს „კავკასიის“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ საშუალებით გაავრცელებენ.

რაც შეეხება გუშინდელ აქციას, სოლიდარობის გამომხატველები პარლამენტის წინ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყვნენ. აქციაზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. ტელეკომპანია „მაესტროს“ სოლიდარობა გამოუცხადეს  თითქმის ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა, არასამთავრობოებმა, რიგითმა მოქალაქეებმა.

მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყო სატელიტური თეფშები წარწერით „იძებნება“. ასევე, მომიტინგეებს სიმბოლურად ხელში ეკავათ ერთჯერადი თეფშები.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ერთ-ერთ სატელიტურ თეფშზე დააწერეს საკუთარი სახელი და გვარები, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10 000 სატელიტური ანტენა, რომელთა დამონტაჟებასაც „მაესტრო“ აუდიტორიის გაფართოების მიზნით რაიონებში აპირებდა, თვის დასაწყისში მას შემდეგ დააყადაღეს, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ მას საკმარისი მტკიცებულება ჰქონდა იმის დასადასტურებლად, რომ „მაესტრო“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებთან თვალთმაქცური გარიგება დადო ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის მიზნით. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „მაესტრო“ ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების სახელით მოქმედებდა, რომელსაც შემოტანილი სატელიტური ანტენები ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით უნდა დაერიგებინა. „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ახალი ანტენების პარტია ხელისუფლებამ 22 ივლისს ისევ დააყადაღა. „მაესტრომ“ კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი ივანიშვილსა და მის კომპანიებთან.

მედიაორგანიზაციების ჯგუფმა კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლებას მოუწოდებს, დააბრუნოს დაყადაღებული ანტენები. ჯგუფი გმობს ქონების ჩამორთმევას, როგორც ხელისუფლების მცდელობას – შეაფერხოს საზოგადოების მიერ ინფორმაციის განსხვავებული წყაროს ხელმისაწვდომობა.