პოლიტიკა
IRI: „მმართველი პარტია ლიდერობს“

1-kvleva-politika3თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. ქართული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელმაც მედიაში გაჟონა, „ნაციონალური მოძრაობა“ 43%-ით ლიდერობს, მას მოჰყვება ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ 24%-ით და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ 7%-ით.

კვლევის თანახმად, რომელიც „IRI“-ის დაკვეთით კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM)  26 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში განახორციელა და რომლის ცდომილებაც 2,5%-ია, 1 503 გამოკითხული რესპონდენტიდან 5%-მა განაცხადა, რომ არცერთ პარტიას არ მისცემს ხმას, ხოლო 19%-მა ან უარი თქვა პასუხზე, ან განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს.

„IRI“-ის დაკვეთით მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში „IPM“-ის მიერ განხორციელებული წინა კვლევის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ 45%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა; შემდეგ მოდიოდა „ქართული ოცნება“  15%-ით და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (ქდმ) 9%-ით.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 4-22 ივნისს ჩაატარა, მმართველ პარტიას 36%-იანი მხარდაჭერა აქვს, რომლის რეიტინგიც თებერვლის კვლევის შემდეგ 11 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 18%, რაც 8 პროცენტული პუნქტით მეტია თებერვლის კვლევასთან შედარებით; „NDI“-ის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქდმ-ის რეიტინგი 3% შეადგენს.