თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ბეჟაშვილი კახეთის რეგიონში მის პირად წარმომადგენლად და საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა, რომელიც რეგიონის აღორძინებასა და აღდგენაზე იმუშავებს.
ქვეყნის პირველმა პირმა ბეჟაშვილი გუშინ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვება ვაჟკაცურ საქციელად შეაფასა.„ვაჟკაცური საქციელი გამოავლინე, დატოვე მაღალი თანამდებობა... და კონტროლის პალატის თავმჯდომარეობა მართლაც ძალიან მაღალი თანამდებობაა. როგორც გავიგე, გინდა, დაეხმარო შენს მშობლიურ კუთხეს – კახეთს. რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, მინდოდა, მეთხოვა, ჩაუდგე სათავეში საკოორდინაციო შტაბს, კახეთის აღორძინებისა და აღდგენის შტაბს, იყო იქ მთავრობისა და ჩემი – პრეზიდენტის, პირადი წარმომადგენელი“, – მიმართა პრეზიდენტმა ლევან ბეჟაშვილს.
მისივე განმარტებით, ბეჟაშვილს სახელმწიფო ხარჯების განკარგვის დიდი გამოცდილება აქვს და მის მიერ აღნიშნული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელობა სასარგებლო იქნება.
„ჩვენ შოკირებული ვართ იმით, რაც მოხდა. მსხვერპლი არ იყო და გადავრჩით, მაგრამ ასეთი მასშტაბის ნგრევა მე ტელევიზორშიც არ მინახავს ბევრ ქვეყანაში, არა თუ საქართველოში. პარლამენტმა გამოყო დიდი თანხა და, საბოლოოდ, რამდენიმე ასეულ მილიონზე ავალთ. ყოველ მე-3, მე-4 დღეს მეც იქ ვრჩები, ჩემს სახლში, რომ ადგილზე ვაკონტროლო სამუშაოები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება რთველის დროსაც.