პოლიტიკა
სააკაშვილმა დაზარალებული ცაიშელი როზა წყაბელია მოინახულა

1-roza-politika2თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ცაიშში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებული როზა წყაბელია მოინახულა. ქვეყნის პირველი პირი წყაბელიას, რომელსაც წინადღით მასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს, საკუთარ სახლში ეწვია და პირადად მოისმინა ის პრობლემები, რაზეც ცაიშის მკვიდრს პრეზიდენტთან საუბარი სურდა.

„როცა თქვენი ამბავი გავიგე, მაშინვე წამოვედი. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და დავრჩები გაჭირვებულების დამცველად საქართველოში. ვინც ჩემსა და იმ გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩადგება, რომლებსაც ჩემთან მოსვლა და თავისი გაჭირვების შესახებ საუბარი სურს, პასუხს ვაგებინებთ. ეს იქნება დიდი გაკვეთილი იმისთვის, ვისაც ჩემსა და გაჭირვებულს შორის ჩადგომა სურს. ძალიან გაბრაზებული ვარ. თქვენც გაგაბრაზეს, მაგრამ მე შეურაცხყოფილი ვიყავი. ვერასდროს ვერავინ უნდა გაბედოს, რომ ჩემსა და იმ ადამიანს შორის ჩადგეს, რომელსაც უჭირს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა როზა წყაბელიას ოჯახს დახმარება აღუთქვა და პირობა დადო, რომ სახელმწიფო გაჭირვებულ ადამიანებს მოუფრთხილდება.

„მომავალი წლიდან გექნებათ 1000-ლარიანი ვაუჩერი, რაც ოჯახს ნამდვილად გამოადგება იმისთვის, რომ გადასახადები გადაიხადოთ და წამლები იყიდოთ. ყველაზე მეტად თქვენისთანა ადამიანებს უნდა მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ. თქვენისთანა ოჯახები ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანია. არ დაგტოვებთ გაჭირვებაში და არ დავტოვებთ არცერთ გაჭირვებულ ოჯახს. ჩემი მთავრობა და მე ვართ ყველაზე მთავარი დამცველი გაჭირვებულების. ვართ და ვიქნებით და ვერავინ ჩემსა და გაჭირვებულებს შორის ვერ ჩადგება. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს!“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა მედიით გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ სოფლის მკვიდრი როზა წყაბელია ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როცა მასთან უცნობები მიცვივდნენ და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. წყაბელია სოციალურად დაუცველია და ის ჟურნალისტებს საკუთარ პრობლემებზე უყვებოდა, რაც მოგვიანებით პრეზიდენტისთვის უნდა გაეზიარებინა.

მოგვიანებით წყაბელიამ უთხრა ჟურნალისტებს, რომ შეხვედრის ადგილიდან გაყვანის შემდეგ ის ახლომდებარე სახლის სარდაფში ჩაკეტეს.

სამართალდამცველებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს, რომლებმაც მოქალაქე როზა წყაბელიას შეურაცხყოფა მიაყენეს, ადგილობრივმა სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

„დაკავებულებმა მოსახლეობის შეკრების ადგილიდან წყაბელია ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ და სასამართლომ მათ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ამასთან, შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც ცაიშში მომხდარ ფაქტს შეესწრო, თუმცა მასზე დაკისრებული მოვალეობა არ გაითვალისწინა და ინციდენტის აღკვეთა არ მოახდინა.