საზოგადოება
„მაესტროს“ მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან

1-tuRuSi-sazogadeoba3თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. დღეს პარლამენტთან „მაესტროს“ მხარდამჭერი აქცია იმართება. როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, აქციაზე ამჯერადაც „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ თეფშებზე ყადაღის მოხსნასა და ქონების მესაკუთრისთვის გადაცემას მოითხოვენ.

„ჩვენ „მაესტროს“კუთვნილ ქონებაზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მივმართეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებს ეს უწყება. ამავე დროს, პროკურატურა აგრძელებს თავის უგუნურ ქმედებებს და ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკით დატვირთული ორი ავტომანქანა კიდევ დააყადაღეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და სერიოზული შეცდომა“, – ამბობს ტუღუში.

მისივე შეფასებით, ეს პრობლემა არა მხოლოდ „მაესტროს“, არამედ, ზოგადად, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ეხება. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამდე, სანამ „მაესტროს“ კუთვნილი ქონება არ დაუბრუნდება“, – აღნიშნა ტუღუშმა.

ცნობისათვის: ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე გაიმართება.