სამართალი
6 მლნ ლარი უმუშევართა აღრიცხვისა და დევნილთა საჭიროებების დადგენისათვის

1-umuSevroba-samart2თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით 6 მლნ ლარს მიიღებს უმუშევართა აღრიცხვისა და დევნილთა საჭიროებების განსაზღვრის პროგრამების განსახორციელებლად.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, უმუშევართა აღწერის გეგმა მთავრობამ ორი კვირის წინ წარმოადგინა და განაცხადა, რომ ამ პროგრამაში სპეციალურად მომზადებული 3 ათასი აგენტი ჩაერთვება, რომლებიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში 25 ქალაქში თითოეულ ოჯახში შევლენ, რათა სპეციალურ კითხვარებში შეიტანონ მონაცემები, ზოგადად, ოჯახის და მისი ცალკეული წევრის შესახებ მათი შემდგომი დასაქმების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ანალოგიური ხასიათისაა დევნილთა საჭიროებების განსაზღვრის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთა აღრიცხვასა და მათი მონაცემთა ბაზის განახლებას მათ საჭიროებებზე მორგებული და მიზნობრივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.

ეს პროგრამა, რომელიც 1 აგვისტოდან დაიწყება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დალი ხომერიკმა 23 ივლისს წარუდგინა მთავრობას. მისი თქმით, თავად დევნილთა თემიდან, რაც მოსახლეობის 6%-ს შეადგენს, შეირჩევა 185 ინტერვიუერი და პირველ ეტაპზე 44 700 ოჯახი გამოიკითხება, შემდგომ კი იგეგმება იმ დევნილთა გამოკითხვაც, რომლებიც არა კომპაქტურ დასახლებებში, არამედ კერძო სექტორში ცხოვრობენ.

აღნიშნული პროგრამა, ისევე, როგორც უმუშევართა აღწერა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდება.

სწორედ ამიტომ ემატება ჯანდაცვის სამინისტროს 6 მლნ ლარი, რომლის 1,8-მილიარდლარიანი დაფინანსება საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, რომელსაც პარლამენტი დღეს უყრის კენჭს, კიდევ უფრო გაიზრდება.

ცნობისათვის: ბიუჯეტში ამგვარი ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე პერიოდში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტს ჯერ არ დაუნიშნავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 20 ივლისს გამოაქვეყნა კვლევა –„სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“ – და მოუწოდა მთავრობას, თავი შეიკავოს საბიუჯეტო სახსრების ისეთი პროგრამებისთვის გამოყენებისაგან, რომლებიც საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება.

ორგანიზაციის თქმით, კვლევამ გამოავლინა საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტული შემთხვევები, კერძოდ: სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე 25 000 სტუდენტი წინასწარ შერჩეულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმდება და თითოეული მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ლარს მიიღებს; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის ზაფხულში დაწყებული პროექტი − „ლიდერი 2012“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები უფასოდ მიჰყავთ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში და ტრენინგებს უტარებენ. ეს პროგრამა, გავრცელებული ინფორმაციით, 80 ათას სტუდენტზეა გათვლილი და სტუდენტური თვითმმართველობებისა და მმართველი პარტიის ორგანიზებით ხორციელდება; პროფესიული განათლების 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის; სექტემბრიდან პენსიების ზრდა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის გაფართოება; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსების უპრეცედენტო – 309%-იანი ზრდა მაისის საბიუჯეტო ცვლილებებით“.

„აღნიშნული ინიციატივების უმეტესობის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყება გვაფიქრებინებს, რომ წინასაარჩევნოდ ხდება სახელმწიფო ფინანსური რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“.