თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 4.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 24.15%-ით გაიზარდა.
იმპორტი 2012 წლის პირველ ნახევარში 19%-ით გაიზარდა და 3,72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 10%-ით გაიზარდა და 1,14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.2012 წლის პირველ ნახევარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2,58 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 2.08 მილიარდი აშშ დოლარისა.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან 2012 წლის პირველ ნახევარში 5%-ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 1,48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 31% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 34%-ს შეადგენდა.
2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 1,36 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწია, რაც 32%-იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. შედეგად, მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 28 % შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელია.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 741,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (605,7 მილიონი აშშ დოლარი); უკრაინა (340,9 მილიონი აშშ დოლარი); გერმანია (324,9 მილიონი აშშ დოლარი); ჩინეთი (294,7 მილიონი აშშ დოლარი); აშშ (222,6 მილიონი აშშ დოლარი); რუსეთი (214,7 მილიონი აშშ დოლარი); ბულგარეთი (170,2 მილიონი აშშ დოლარი); იაპონია (148,5 მილიონი აშშ დოლარი); იტალია (142,1 მილიონი აშშ დოლარი).