საზოგადოება
Bloomberg: ქართველი მილიარდერი პრემიერობისთვის ბიზნესს ტოვებს

1-bloobberg-sazogadoeba2თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. „ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან შეიძლება დატოვოს ბიზნესი მას შემდეგ, რაც რუსული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რადგან ოქტომბრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ალიანსთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ამისშესახებ თავის სტატიაში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Bloomberg“ იტყობინება.

„მე არ დავუბრუნდები ბიზნესს რუსეთში და შესაძლოა, საერთოდაც აღარ დავუბრუნდე ბიზნესს, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში მისი პარტიის თბილისის ოფისში დეტალების დაკონკრეტების გარეშე. – აქტივების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ინვესტირება სხვა ადგილებში მოხდება“.

56 წლის ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება ჟურნალ „Forbes“-ის შეფასებას იმის თაობაზე, რომ მისი ქონება 6,4 მილიარდი დოლარია, რაც საქართველოს ეკონომიკის (14.4 მილიარდი დოლარი) თითქმის ნახევარია. მაისში მან გაყიდა თავისი რუსული აქტივები და წილები ბანკ „როსიისკი კრედიტში“ მოსკოვში და სააფთიაქო ქსელ „დოქტორ სტოლეტოვში“. როგორც თავად განაცხადა, კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც რუსეთში მისი აგრარული ბიზნესის გაყიდვას უკავშირდება, რამდენიმე დღეში დასრულდება. მისივე განმარტებით, გაყიდვამდე თავისი ჰოლდინგები ამ ქვეყანაში არანაკლებ 2,5 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული.

არჩევნებამდე ივანიშვილი თავის ქონებას ყიდის, რადგან პრემიერმინისტრობას გეგმავს და სურს, სუფთად წარდგეს ქართველი საზოგადოების წინაშე. აპრილში მან ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შექმნა და პირობა დადო, რომ პოლიტიკაში ორი წლით დარჩება, შემდეგ კი დატოვებს მას, რათა გახდეს „ქართველი საზოგადოების აქტიური წევრი“.

ივანიშვილი ამბობს, რომ აღარ აკონტროლებს თავის მთავარ ინვესტიციებს საქართველოში მას შემდეგ, რაც ის მთავრობამ ჩამოართვა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით მრავალი მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ. მის ჰოლდინგში შედიოდა „ბანკი ქართუ“, ქვეყანაში სიდიდით მეექვსე კრედიტორი აქტივების მიხედვით, და წილი ადგილობრივ ბანკში, რომლის მთავარი მეწილეც ფეხბურთის ვარსკვლავი კახი კალაძეა.

პოსტსაბჭოთა წლებში ივანიშვილი პერიოდულად მოსკოვში, პარიზსა და საქართველოში ცხოვრობდა, ვიდრე 2002 წელს არ დაბრუნდა თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, რომელიც თბილისიდან, დაახლოებით, 130 კილომეტრშია (80 მილი).

მილიარდერს საქართველოს პასპორტი 2004 წლიდან ჰქონდა, ვიდრე ის შარშან მთავრობამ არ ჩამოართვა. 2010 წელს ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც გახდა. მან რუსეთის მოქალაქეობა დატოვა და საფრანგეთის მოქალაქედ დარჩა.

მაისში კანონმდებლებმა მიიღეს კანონი, რომელიც მილიარდერს აძლევს შესაძლებლობას, იმის მიუხედავად, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე, კენჭი იყაროს წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. ივანიშვილმა არაერთხელ დაგმო ეს საკანონმდებლო ცვლილება, განაცხადა რა, რომ არასწორია კანონმდებლობის ერთ კაცზე მორგება და უარი განაცხადა სააკაშვილისთვის პირდაპირ მიემართა მისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით.

ივანიშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ჯანდაცვას ჰპირდება, სოფლის მცხოვრებთ – საცხოვრებელი პირობების, სკოლებისა და პენსიების მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას, სააკაშვილს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და რუსეთთან ომის პროვოცირების გამო აკრიტიკებს. თავის მხრივ, ქართველი პოლიტიკოსები მილიარდერს პრეზიდენტ პუტინის მოკავშირეობაში ადანაშაულებენ.

„ივანიშვილს უზარმაზარი სიმდიდრე აქვს რუსეთში, – ამბობს მმართველი პარტიის დეპუტატი გიორგი კანდელაკი. – ცხადზე უცხადესია, რომ ზოგიერთი ამ უმსხვილესი აქტივებისა და წილების გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა პუტინის პირდაპირი თანხმობის გარეშე; სინამდვილეში, ივანიშვილი პუტინს არასდროს აკრიტიკებს“.

პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან ივანიშვილი რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრე. ეს ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის გამო გაჩაღებული ხუთღიანი ომის შემდეგ გაუარესდა. ივანიშვილის აზრით, საქართველოს შეუძლია აღადგინოს კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

„ამის მიღწევის გასაღები საქართველოშია და არა სხვაგან. ამისთვის საჭიროა აქ დემოკრატიისა და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება, რითაც საქართველო საინტერესო გახდება როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციების განხორციელების მხრივ“, – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, უცხოეთში მცხოვრები ათასზე მეტი ქართველი მილიონერისთვის საკუთარ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებისთვის მოტივაციის გაჩენა მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტვირთია რუსეთისთვის, და ამ საკითხზე ჩვენ შევძლებთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვას“, – განაცხადა ივანიშვილმა და უარყო მორიგი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობა, თუკი სააკაშვილი აუცილებელი თავდაცვის ზღვარს არ გადააჭარბებს.

ივანიშვილის შეფასებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან, დაახლოებით, 1.2 მილიარდი ლარი (727 მილიონი დოლარი) გასცა ძეგლების აღდგენასა და გზების მშენებლობაზე. მას სურს, შექმნას 200-მილიონიანი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თავისი 1-მილიარდიანი კოლექციისთვის, რომელშიც სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად პიკასოც შედის.

მისი თქმით, პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ 10 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევების თანახმად, არჩევნების წინ სააკაშვილის პარტია კარგავს მხარდამჭერებს, ხოლო ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის რეიტინგი იზრდება, მილიარდერის მოკავშირეები საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, სააკაშვილის ნაციონალურ მორაობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 36%, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პარტიას – 18%.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვლევებს არ ენდობა და რომ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს. მან დასძინა, რომ საზოგადოებრივი პროტესტისკენ მოწოდებისგან თავს შეიკავებს, თუკი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება“, – ნათქვამია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Bloomberg“-ის სტატიაში.