საზოგადოება
80 მილიონი ბიუჯეტში ბიძინა ივანიშვილისაგან

1-milioni-sazogadoeba1თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა. ამის შესახებ „Facebook“-ის ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კოალიციის ლიდერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა.

80 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადაირიცხა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი, თანხის ხარჯვის მონიტორინგს კი „ქართული ოცნება“ განახორციელებს.

როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ბიძინა ივანიშვილმა მასზე დაკისრებული ჯარიმიდან 10 მილიონი ლარი ბიუჯეტში რამდენიმე დღის წინ გადარიცხა.

ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნული თანხა სასამართლოს მიერ ჯარიმის გადასახდელად მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხა. სასამართლომ ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 74 325 065.65 ლარით დააჯარიმა. პირველი ოქმის საფუძველზე, კონტროლის პალატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია გლობალ კონსალტინგის გამოყენებით მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა ათობით ათასი სატელიტური ანტენა, რისთვისაც 12 622 019 ლარი შემოწირულობა განახორციელა. შესაბამისად, წინა ჯარიმების გადაუხდელობის გამო, ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

კონტროლის პალატის მეორე ოქმის მიხედვით კი, ბიძინა ივანიშვილმა კუთვნილი კომპანიების შპს ბურჯისა და შპს ელიტა ბურჯის სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს. კონტროლის პალატის მტკიცებით, ამ ქმედებისთვის ივანიშვილმა 2 242 994 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა და ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებების იმ ნაწილში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხის დაანგარიშება მოხდა. შესაბამისად, ერთობლიობაში ჯარიმების ოდენობა შემცირდა და საბოლოოდ 148 650 131 ლარის ნაცვლად 74 325 065.65 ლარით განისაზღვრა.