პოლიტიკა
სტიქიით განპირობებული საბიუჯეტო ცვლილებები

1-biujet-politika3თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. 2012 წლის ბიუჯეტის შიდა რესურსებიდან სულ 162.3 მლნ ლარი იქნება მობილიზებული 19 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით როგორც მოკლევადიანი დახმარების პროგრამებისთვის, ისე გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელსაც პარლამენტი საგანგებო სხდომაზე დღეს დაამტკიცებს, მხოლოდ ხარჯების პარამეტრი იცვლება, რომელიც არსებული 6.777 მლრდ ლარიდან გაიზრდება 6.783 მლრდ ლარამდე. შემოსავლების ნაწილს ცვლილებები არ ეხება.

პროექტის თანახმად, წელს ერთჯერადად შეიქმნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდი 50 მლნ ლარის ოდენობით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი განკარგავს. ამ ფონდიდან დაფინანსდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: მოსახლეობის დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაციების გაცემა.

მთავრობის მიერ შეთავაზებული დახმარების პაკეტი მოიცავს სტიქიით დაზარალებულთა საბანკო კრედიტების ერთი წლით გადავადებასაც. თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ბანკებთან ერთად მუშავდება სქემები, თუ როგორ დაფარავს მთავრობა საბანკო პროცენტებს, რომელთა საერთო ოდენობაც, მისი თქმით, ჯერ არ დათვლილა.

ამას გარდა, 110 მლნ ლარამდე გაიზრდება კახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული პროგრამის მოცულობა, საიდანაც 80 მლნ ლარი მსოფლიო ბანკის კრედიტს წარმოადგენს და რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ ბიუჯეტში უკვე ასახული იყო, მთავრობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ჯამურად გამოყოფილ 162.3 მლნ ლარის ოდენობის თანხაში თვლის.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2.1 მლნ ლარი სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით გამოეყოფათ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს.

ბიუჯეტში დაგეგმილია კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას არ უკავშირდება. ეს ცვლილება შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს არსებული 1.8 მლრდ ლარის დაფინანსების 6 მლნ ლარით ზრდას.  ეს დამატებითი დაფინანსება მოხმარდება სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვას და ერთიანი ბაზის შექმნას, ასევე, დევნილთა საჭიროებების შესწავლის ახალ პროგრამას, რომელიც  ითვალისწინებს 44 700 დევნილი ოჯახის გამოკითხვას მათთვის შემდგომი საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვის მიზნით – ამგვარი ცვლილებების ბიუჯეტში განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე პერიოდში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტს ჯერ არ დაუნიშნავს.

მთავრობის თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია ახალი ხარჯების სამი წყაროდან დაფინანსება. ესენია: საგარეო ვალების მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხების ეკონომიით წარმოქმნილი 11 მლნ ლარი; 39 მლნ ლარი, რომელიც მოაკლდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, რომლის საერთო მოცულობაც შედეგად 357.9 მლნ ლარამდე შემცირდება; დაფინანსება შეუმცირდება სამინისტროების უმეტესობასაც.

საბიუჯეტო თანხები შემდეგ სამინისტროებს დააკლდებათ:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო134.2 მლნ ლარი (ამჟამად 163.6 მლნ ლარი);

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო83.5 მლნ ლარი (ამჟამად 91 მლნ ლარი);

ფინანსთა სამინისტრო118.2 მლნ ლარი (ამჟამად 123.2 მლნ ლარი);

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო600.6 მლნ ლარი (ამჟამად 600.8 მლნ ლარი);

შინაგან საქმეთა სამინისტრო585.05 მლნ ლარი (ამჟამად 585.2 მლნ ლარი);

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო38.1 მლნ ლარი (ამჟამად 38.2 მლნ –ლარი);

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო124.9 მლნ ლარი (ამჟამად 125.1 მლნ ლარი);

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო290.1 მლნ ლარი (ამჟამად 290.3 მლნ ლარი);

გარემოს დაცვის სამინისტრო – 23.827 მლნ ლარი (ამჟამად 23.877 მლნ ლარი)

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 59 მლნ ლარი (ამჟამად 59.2 მლნ ლარი);

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (ამჟამად 1.3 მლნ ლარი).

თუმცა საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 6 მლნ ლარით გაეზრდება და 982 მლნ ლარს მიაღწევს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო განხილვების დროს განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსები იმ ზარალის ადეკვატურია, რაც სტიქიამ კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონს მიაყენა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ამ რესურსებში არ არის ასახული ის 10 მლნ ლარი, რომელიც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის ანგარიშზე გადაურიცხა ბიუჯეტს. ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია საკმარისი არ არის და ის დამატებითი თანხების გადარიცხვას გეგმავს ბიუჯეტში.

პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, 10 მლნ ლარი ბიუჯეტის ანგარიშზე ჯერ არ ასახულა. „ეს თანხა არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს პოლიტიკაზე, ჩაირიცხება ის თუ არ ჩაირიცხება“, – განაცხადა მან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის დროს დეპუტატებმა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობიდან“ ძირითადი პრეტენზიები მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით წაუყენეს, რადგან, მათი თქმით, კანონის თანახმად, სწორედ ამ ფონდებიდან უნდა მომხდარიყო სტიქიის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა 2012 წლისათვის ჯამში 100 მლნ ლარს შეადგენს (თითოეული 50 მლნ ლარი). პეტრიაშვილის ინფორმაციით, პირველ შვიდ თვეში ფონდებიდან 60 მლნ ლარია დახარჯული და ანგარიშებზე რჩება 40 მლნ ლარი. მან ვერ გასცა პასუხი დეპუტატების დაჟინებულ შეკითხვას, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯა სარეზერვო ფონდების თანხები და აღნიშნა, რომ სამინისტრო კვარტალური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენს თვის ბოლოს შესაბამის ინფორმაციას პარლამენტს.

პეტრიაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 19 ივლისის შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე 6.8 მლნ ლარი გამოიყო და იხარჯება.