პოლიტიკა
კიდევ ორი ამერიკული ლობისტური ფირმა საქართველოს მთავრობისათვის

1-lobist-politika2თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონში კიდევ ორი ლობისტური ფირმა – „Prime Policy Group“ და „Gephardt Government Affairs“ –  დაიქირავა, რომლებიც კონგრესსა და აშშ-ის ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობისა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობებსა და ადვოკატირებას უზრუნველყოფენ.

„Prime Policy Group“-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ამ ფირმასთან ივნისში 150 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„Prime Policy Group“-ს ჩარლზ ბლექი ხელმძღვანელობს, რომელიც სენატორ ჯონ მაკეინის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი იყო. „New York Times“ ბლექს ახასიათებს როგორც „სუპერ ლობისტს“, რომელიც რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის მიტ რომნის ერთ-ერთი არაფორმალური მრჩეველია.

კონტრაქტის თანახმად, “Prime Policy Group” უზრუნველყოფს სტრატეგიულ რჩევებსა და კონსულტაციებს, დახმარებას ნატოსთან დაკავშირებულ და წინასაარჩევნო საკითხებზე, ასევე, კონგრესსა და აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებსა და ადვოკატირებას თავისუფალი ვაჭრობისა და დემოკრატიის საკითხების ხელშეწყობის კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად თბილისსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარეობს დიალოგი შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

ივნისის ბოლოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ხელი მოაწერა, ასევე, ექვსთვიან კონტრაქტს „Gephardt Government Affairs“-თან, რომელიც საქართველოს მთავრობას ერთხელ უკვე ჰყავდა დაქირავებული ერთი წლით 2010 წელს.

ეს ლობისტური ფირმა, რომელსაც ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი რიჩარდ გეფჰართი ხელმძღვანელობს, 180 000 აშშ დოლარს მიიღებს.

შეთანხმების თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს სტრატეგიული რჩევები, ლობისტური და მთავრობასთან ურთიერთობის მომსახურება; ასევე, აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა და ადვოკატირება თავისუფალი ვაჭრობისა და დემოკრატიის საკითხების ხელშეწყობის მიზნით; დახმარება წინასაარჩევნო საკითხებზე და ორი მხარის მიერ განსაზღვრული სხვა მხარდაჭერა.

ამ ორი ახალი კონტრაქტის შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ ვაშინგტონში ლობისტური ფირმების მომსახურებისთვის წელს გაწეული ხარჯები, სულ ცოტა, 1.56 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გარდა ამ ორი ახალი კონტრაქტისა, წელს საქართველომ ვაშინგტონში სხვა ლობისტური ფირმების, მათ შორის, „Podesta Group“-ის, „Orion Strategies“-ისა და კონსულტანტ გრეგორი მანიატისის მომსახურებაც მიიღო, რომლის საერთო ღირებულებამ 1.23 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 600 000 აშშ დოლარის ღირებულების 11-თვიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული „Podesta Group“-თან და 360 000 აშშ დოლარის ღირებულების ერთწლიანი კონტრაქტი კონსულტანტ გრეგორი მანიატისთან; ეროვნული უშიშროების საბჭოს წელს 270 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსთვიანი კონტაქტი ჰქონდა გაფორმებული თავის დიდი ხნის კონტრაქტორ „Orion Strategies“-თან.

ვაშინგტონში ლობისტური ფირმების მომსახურებით სარგებლობს მილიარდერი ოპოზიციური პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც გასული წლის ბოლოს „BGR Group“-ის ევროპაში მოღვაწე შვილობილი ფირმა „BGR Government Affairs LLC“ დაიქირავა. წლის დასაწყისში ივანიშვილმა, ასევე, დაიქირავა გავლენიანი ლობისტური და იურიდიული კომპანია „Patton Boggs“, საკონსულტაციო კომპანია „National Strategies“, რომელმაც, თავის მხრივ, ივანიშვილისთვის ლობისტური ფირმა „Parry, Romani“, „Deconcini & Symms“ იქირავა.