თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ პარტიების საარჩევნო ქცევის წესების შესახებ შემოთავაზებული წინადადებები მისაღებია და რომ ის მზად არის, განიხილოს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ ამ სადავო პუნქტთან დაკავშირებით შემოთავაზებული ფორმულირება მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულისგან განსხვავდება.მაშინ, როდესაც მმართველი პარტია დაჟინებით ითხოვს, რომ ხელმომწერმა პარტიებმა აიღონ ვალდებულება ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე, „ქართული ოცნების“ განცხადება ამ კუთხით განსხვავებულ ფორმულირებას შეიცავს, რომელიც სთავაზობს პარტიებს, რომ არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტა მოხდეს.
„ქართულმა ოცნებამ“, ასევე, განაცხადა, რომ „ეს შენ გეხებას“ მიერ შემოთავაზებული 17-პუნქტიანი დეკლარაცია საბაზისო ტექსტი უნდა გახდეს, რომელშიც შესაძლოა, შევიდეს დამატებითი პუნქტები.
„მხარს ვუჭერთ კამპანია „ეს შენ გეხებას“ ეგიდით ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს და მზად ვართ, ავიღოთ ამ დოკუმენტში ასახული პრინციპების დაცვის ვალდებულება, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. – ვთვლით, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ალტერნატიული ინიციატივები, მათ შორის, აღნიშნული დოკუმენტის რაიმე სხვა დოკუმენტის დამატებად განხილვის თაობაზე, ხელს არ უწყობს დეკლარირებული მიზნის მიღწევას“.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტისა და უმცირესობების თუ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის არგამოყენების ვალდებულება“, – განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“.
როგორც არაერთხელ იტყობინებოდა საქინფორმი, მმართველმა პარტიამ ტექსტის საკუთარი ვერსია 14 ივლისს წარმოადგინა, რისთვისაც ის „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა და მმართველი პარტია პროცესის მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან, მისი ინფორმაციით, ამ საკითხებზე არასამთავრობო სექტორს მანამდე ჰქონდა დაწყებული მუშაობა. 16 ივლისს კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების პრინციპები არ უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან და მმართველი პარტიის შეთავაზებულ პრინციპებს არასაკმარისი უწოდეს. მათ წარმოადგინეს საკუთარი 17-პუნქტიანი ინიციატივა და პარტიებს დიალოგის გზით ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს.
მმართველმა პარტიამ თანხმობა განაცხადა, რომ საარჩევნოდ პარტიათა ქცევის წესების შესახებ მის მიერ თავდაპირველად ინიცირებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას მეხუთე პუნქტად კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებული შეთავაზებები დამატებოდა.