საზოგადოება
ბათუმის მერიის უარი „ქართულ ოცნებას“ ევროპის მოედანზე შეკრების თაობაზე

1-baTumi--sazogad3თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. „ქართულ ოცნებას“ ბათუმის მერიამ 5 აგვისტოს ევროპის მოედანზე წინასაარჩევნო შეკრების გამართვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კანონის სრული დაცვით მიმართა ბათუმის მერიას 5 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით. ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, ეს პასუხი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის მიმართვამდე ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე უკვე დაგეგმილი ექნებოდა 5 აგვისტოს კონკრეტული ღონისძიება. ასეთი ღონისძიების თაობაზე კოალიციისთვის მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი.

კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის მცდელობას.

კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას.