ორმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „CARE International“-მა და „World Vision“-მა, რომელთაც 20 ივლისს ერთობლივად შეაფასეს კახეთის რეგიონის – ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რაიონების – თერთმეტამდე დასახლება, განაცხადეს, რომ შედეგების მიხედვით, ეს უმსხვილესი კატასტროფა იყო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ.
„საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, ზიანის საერთო მოცულობა 150 მილიონ ლარს მიაღწევს, რის შედეგადაც მხოლოდ კახეთში 20 000 ოჯახი დაზარალდა, ხოლო 20 000 ჰექტარი სახნავი მიწა განადგურდა“, – ნათქვამია ორი ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.
ძლიერმა სეტყვამ, ასევე, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონში, მათ შორის, ასპინძაში, ადიგენში, ვალესა და ახალციხეში, ასევე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
22 ივლისს კახეთის რეგიონში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას, რომლის ვენახიც სეტყვამ გაანადგურა, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე გამოცხადებული კომპენსაციებისა და დახმარების გარდა, მთავრობა მსჯელობს სექტემბრიდან დაზარალებული ოჯახებისთვის ღვინის დარიგებაზეც. თუმცა, ამასთან, მან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალისხმევის მიუხედავად, მთავრობა ვერ შეძლებს, სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 ივლისს, რომ ხელისუფლება სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის, სავარაუდოდ, ასობით მილიონს დახარჯავს.
ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი მრავალმილიონიანი ჯარიმიდან 10 მილიონი ლარი გადარიცხა ბიუჯეტის სასარგებლოდ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, 22 ივლისს კახეთის რეგიონის რამდენიმე დაზარალებულ სოფელს ესტუმრა; მისი თქმით, მთავრობის გეგმა 300 ლარიდან 1500 ლარამდე კომპენსაციების გაცემის თაობაზე საკმარისი არ არის.
22 ივლისს რეგიონს სტუმრობდა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძეც, რომელიც ადგილობრივებს გაწმენდით სამუშაოებში მიეხმარა. მან მოუწოდა ხელისუფლებას, კახეთში მცირე ბიზნესისთვის საგადასახო შეღავათების საკითხი განიხილოს.
„ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობა“, რომლის ლიდერებიც, ასევე, სტუმრობდნენ კახეთის რეგიონს, მოუწოდებს ხელისუფლებას, დაგეგმილი კომპენსაციების მოცულობა 10 000 ლარამდე გაზარდოს.