პოლიტიკა
162 მლნ ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

1-stiqia-politika1თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, საბიუჯეტო პროექტს ჯერ – კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებზე, 25 ივლისს კი რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელშიც 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა გადაუდებელ სამუშაოებს – დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას, პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების გამო კომპენსაციის გაცემას – მოხმარდება.

მისი განმარტებით, ეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მოკლევადიანი გეგმა იქნება. გრძელვადიანი გეგმა კი კახეთის განვითარების პროგრამის გამსხვილებასა და მისი დაფინანსების 110 მილიონ ლარამდე გაზრდას გულისხმობს. ეს თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურიზმის ხელშეწყობას, დასაქმებას მოხმარდება. ხუროშვილის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში პარამეტრების ცვლილებები არ ხდება, მხოლოდ შიდა ასიგნებები გადანაწილდება, რაზეც საპარლამენტო კომიტეტები იმსჯელებენ.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო ჯამში, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და მოსახლეობის კომპენსირებისათვის დაახლოებით 162 მილიონი ლარი დაიხარჯება.