სამართალი
სტუდია „მონიტორში“ კრიმინალურმა პოლიციამ მუშაობა დაასრულა

1-monitori-samart1თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. სტუდია „მონიტორის“ ოფისში კრიმინალურმა პოლიციამ მუშაობა დაასრულა.

თანამშრომლებს „მონიტორის“ ოფისი გუშინ, დილით, გაძარცვული დახვდათ. მათი ინფორმაციით, წაღებულია ორი ვიდეოკამერა, რაც მათი ძირითადი სამუშაო აპარატურა იყო. ასევე, მოპარულია კომპიუტერები და დაკარგულია 4-5 ფილმი, რომლებზეც ჟურნალისტები ბოლო დროს მუშაობდნენ და რომლებიც თითქმის დასრულებული იყო.

როგორც ჟურნალისტებს სტუდია „მონიტორის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო ზურიაშვილმა განუცხადა, აპარატურის თითქმის სრულად დაკარგვა, რა თქმა უნდა, სტუდიის მუშაობას შეაფერხებს, თუმცა, სტუდიის გაჩერება გამორიცხულია. ნინო ზურიაშვილს ამ ეტაპზე ვერსიებზე საუბარი უჭირს და იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები დაკარგულ ტექნიკას მიაკვლევენ.

შეგახსენებთ: სტუდია „მონიტორი“, ძირითადად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე მუშაობს. სწორედ ამ თემებს ეხებოდა ფილმები, რომლებიც სტუდიაში ბოლო დროს მზადდებოდა. ასევე, ერთ-ერთი ფილმი, რომლის მონტაჟიც მიმდინარეობდა და რომელიც, ასევე, დაიკარგა, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესჯგუფს ეხებოდა.