სამართალი
ანქვაბი: „აფხაზეთში საქართველოს მხრიდან დივერსიებზე რეაგირების შტაბი შეიქმნა“

1-anqvabi-samarta3თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. გალის რაიონში, ქართველებით დასახლებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის ხელისუფლებამ სპეციალური შტაბი შექმნა. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა. მისი თქმით, იქ განლაგდება საქართველოს მხრიდან დივერსიულ ქმედებებზე რეაგირების შტაბი.

იმის გათვალისწინებით, რომ გალის რაიონში კრიმინოგენურად რთული ვითარებაა, ანქვაბმა განაცხადა, რომ გაიზრდება გალის რაიონში დისლოცირებული რეგულარული სპეციალური დანიშნულების მომსახურეთა რიცხვიც.

„ ეს არის ბრძოლისუნარიანი, გაწვრთნილი, ჩამოყალიბებული და ძლიერი ქვედანაყოფი, რომელიც მზად იქნება, რეაგირება მოახდინოს საქართველოს მხრიდან ყველა გამოწვევაზე“.

პარალელურად, რაიონის სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალურ ელემენტებთან ბრძოლის კუთხით პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ. „ჩვენ უკვე გასულ წელს დავიწყეთ ბრძოლა გამოძალვისა და რეკეტის წინააღმდეგ“, – განაცხადა ანქვაბმა.

რაც შეეხება სახელმწიფო საზღვრის მოწყობას,  წლის ბოლოსთვის „საზღვარი ტექნიკურად იქნება დაცული ელექტრონული და სხვა შესაბამისი მოწყობილობებით“, – განაცხადა ანქვაბმა.

მისივე თქმით, გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომელთაც ნათესავები საქართველოს მხარეს ჰყავთ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ მათთან ურთიერთობა, დაუშვებელია ბიუროკრატიული მიდგომა.

მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საშვებისა და ნებართვების გაცემა, მკაცრი აღრიცხვიანობის ფორმის შესაბამისად, სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ მოხდება.