თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ძლიერი წვიმის, ქარისა და სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები სამ კატეგორიად დაიყოფიან მიყენებული ზარალის ოდენობის მიხედვით და ფინანსურ კომპენსაციებს მიიღებენ 300 ლარიდან 1 500 ლარის ფარგლებში.
იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის, რომლებიც მთლიანად განადგურდა, 1 300 ლარიდან 1 500 ლარამდე ფინანსური კომპენსაციები გამოიყოფა. ოჯახები, რომელთაც მოსავლის 70-80% დაკარგეს, 800 ლარიდან 900 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო მესამე კატეგორიაში შედიან ის ოჯახები, რომელთაც მოსავლის ნახევარი დაკარგეს და ისინი 300 ლარიდან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ოჯახი მიიღებს ფინანსურ კომპენსაციას.
მერაბიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს იმ ადამიანების დახმარებასაც, რომელთაც ბანკის სესხები ჰქონდათ აღებული და რომელთა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც განადგურდა. მისი თქმით, სახელმწიფო ამ სესხების პროცენტს დაფარავს ერთი წლის მანძილზე.
ჯერჯერობით უცნობია მათი რაოდენობა, რომლებიც ამ კატეგორიაში ექცევიან, ასევე, იმ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომელიც ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინკა საქართველოს“ ინფორმაციით, სტიქიამ ორგანიზაციის 700-მდე კლიენტი დააზარალა.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მთავრობა დაზარალებული ოჯახებისთვის ფქვილის, ზეთისა და შაქრის, ასევე, სასუქებისა და საწვავის უფასოდ დარიგებას დაიწყებს.
ხუთშაბათს საღამოს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალი უზარმაზარია და შესაძლოა, ასობით მილიონს მიაღწიოს.
„მე მინდა, ვუთხრა ჩვენ ძმებს, დებს, თანამემამულეებს, ვინც დაზარალდა: მოგხედავთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, მართალია, საქართველო არ არის ძალიან მდინარი ქვეყანა და მას არ აქვს ილუზია, რომ სრულად ანაზღაურდება ეს ზარალი, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, ყველაზე დაუცველ ადამიანებს პირველ რიგში დაეხმარება.
პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ სახელმწიფო მთლიანად გაარემონტებს სახლებისა და შენობების სახურავებს ან, საჭიროების შემთხვევაში, ახლით გადახურავს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც სახელმწიფო ამ მასშტაბის დახმარებას გეგმავს.