თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად პირველ ეტაპზე 10 მლნ ლარს რიცხავს ბიუჯეტში მისთვის სრულიად უკანონოდ დაკისრებული 74, 32 მლნ ლარის ჯარიმის ფარგლებში, რადგან პირდაპირი დახმარების გაწევა არ შეუძლია, რაკიღა ამას ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაუთვლის.
„სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.ამ გზით, მისი თქმით, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი.
ივანიშვილი, ასევე, აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი უნდა დაწესდეს „თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ობიექტურ შეფასებასა და მის დროულ და სრულ ანაზღაურებაზე“.
მთავრობამ ჯამური თანხების დასახელების გარეშე განაცხადა 20 ივლისს, რომ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარების პაკეტს სთავაზობს.
„პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებმაც უაზროდ გაფლანგეს ამგვარი ვითარებისთვის შექმნილი 100-მილიონიანი სარეზერვო ფონდები, გეგმავენ მიყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსაციას და სრულად დაკარგული მოსავლისათვის, მაქსიმუმ, 1 500 ლარის გამოყოფას. ეს მაშინ, როდესაც ყოველი ოჯახისათვის სტიქიით მიყენებული ზარალი ხშირად რამდენჯერმე აღემატება ამ თანხას“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა მთავრობას დახმარება პირველად მაშინ შესთავაზა, როცა კახეთის რეგიონს, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთს ძლიერი წვიმის, ქარისა და სეტყვის შედეგად სერიოზული ზარალი მიადგა.