თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. მთავრობა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ღვინის დარიგებასაც აპირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, წიკლაურების ოჯახში, სტუმრობისას განაცხადა, სადაც სტიქიით დაზიანებული სახლი და ბაღები დაათვალიერა. მერაბიშვილთან ერთად ვაჩნაძიანში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებოდა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ამ საკითხზე ჩამოყალიბდება და ღვინის დარიგებას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებს. „ჩვენ ვაპირებთ, რომ მოსახლეობას, რომელსაც მთლიანად გაუნადგურდა ვენახი, სახელმწიფო კომპანიიდან გარკვეული რაოდენობის ღვინო დავურიგოთ, რათა ახალ წელს ერთი ჭიქა მაინც ასწიონ“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.ამასთან, მერაბიშვილი ადგილობრივებს კიდევ ერთხელ დაჰპირდა, რომ ეცდებიან, მათი ყველა პრობლემა უახლოეს ხანებში მოაგვარონ.
სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია მთავრობის ხუთპუნქტიანი გეგმის განხორციელება, რის ფარგლებშიც მოსახლეობას ურიგდება სასურსათო პაკეტი, რომლის შემადგებლობაშიც 2 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი და ამდენივე მაკარონი შედის. სტიქიით დაზარალებულებს, ასევე, ურიგდებათ შხამ-ქიმიკატები და დიზელი. მიმდინარეობს დაზიანებული სახლების გადახურვაც.
როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, 19 ივლისს ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა კახეთის რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი დააზარალა. ზოგიერთ რაიონში მოსავალი 100%-ით განადგურდა. დაშავებულია 22 ადამიანი, 1500-ზე მეტი კი დაზარალდა.
სტიქიის შეეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. პრეზიდენტის ვარაუდით, ზარალი ასობით მილიონს შეადგენს.