თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. „Amnesty International“-მა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ იცავს ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს ძალადობისგან, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური სარჩული უდევს.
ინციდენტების დროს დაზარალებულთა შორის, სულ ცოტა, ათი ჟურნალისტი იყო. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმაც გამოხატა შეშფოთება საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის განმეორებითი ფაქტების გამო და საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდა.
„Amnesty International“-ის განცხადებაში იმ ფაქტებზეც არის საუბარი, როდესაც „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს დასდევენ უცნობი ადამიანები, რომლებიც თავს ჟურნალისტებად წარმოაჩენენ და „ინფო 9“-ის კორესპონდენტებს მუშაობაში ხელს უშლიან.
„Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დევნის ყველა ფაქტის სწრაფი და ზედმიწევნითი გამოძიება, – ნათქვამია განცხადებაში. – ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს შეუფერხებლად და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეთ, მიუხედავად იმ მედიასაშუალების პოლიტიკური ინტერესისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ“.