პოლიტიკა
„საარჩევნო ქცევის წესები“ – უპირობო აღიარება თუ ქუჩის აქციები?

1-qcevis-politika2თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული საარჩევნო ქცევის წესების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი უთანხმოების წყაროდ რჩება მმართველ პარტიასა და მის მთავარ ოპონენტს – ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ – შორის.

მმართველმა პარტიამ ტექსტის საკუთარი ვერსია 14 ივლისს წარმოადგინა, რისთვისაც ის „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა და მმართველი პარტია პროცესის მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან, მისი ინფორმაციით, ამ საკითხებზე არასამთავრობო სექტორს მანამდე ჰქონდა დაწყებული მუშაობა.

16 ივლისს კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების პრინციპები არ უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან და მმართველი პარტიის შეთავაზებულ პრინციპებს „არასაკმარისი“ უწოდეს. მათ წარმოადგინეს 17-პუნქტიანი საკუთარი ინიციატივა და პარტიებს დიალოგის გზით ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს. მმართველმა პარტიამ თანხმობა განაცხადა, რომ საარჩევნოდ პარტიათა ქცევის წესების შესახებ მის მიერ თავდაპირველად ინიცირებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას მეხუთე პუნქტად კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებული შეთავაზებები დამატებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ უარს არ ამბობს დეკლარაციის ხელმოწერაზე, ის აცხადებს, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს დოკუმენტის ზოგიერთი პრინციპის ფორმულირებაზე.

„ქართული ოცნება“ მეოთხე პუნქტის გამო თავს იკავებს, რომ შეუერთდეს დოკუმენტს, რომელიც დაავალდებულებს ხელმომწერ პარტიებს, აიღონ პასუხისმგებლობა ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე.

დეკლარაციის მეოთხე პუნქტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაპირველი შემოთავაზების ნაწილიც იყო, მმართველი პარტია პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგების უპირობოდ აღიარება შეუძლებელია.

„არჩევნების აღიარებაზე ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, – განუცხადა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს 20 ივლისს. –ჩვენ უპირობოდ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. რაც შეეხება პირობებს, რა პირობები უნდა იყოს, ეს პირობები არის ძალიან მარტივი და ნათელი: სამართლიანობა, თავისუფლება და მშვიდობიანობა...  თუ არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, როგორ ვაღიარებთ ჩვენ მის შედეგებს?!“

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 19 ივლისს, რომ „ტექსტზე უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად არასამთავრობოების მედიატორობის საშუალებით“ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ იურიდიული ჯგუფი დეკლარაციის პრინციპების ფორმულირებებზე მუშაობს. მან, ასევე, განაცხადა, რომ თავად ის ფაქტი, რომ პარტიებს ქცევის კოდექსზე უწევთ შეთანხმება არჩევნების წინ, ქვეყანაში არსებული დემოკრატიის შესახებ კარგად არ მეტყველებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ყოყმანი დოკუმენტზე მიერთებაზე ხელმოწერაზე უარის თქმის ტოლფასია და გონივრულ ეჭვს იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის კოალიცია შესაძლოა, არჩევნების შემდგომი ქუჩის აქციებისთვის ემზადებოდეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგები არ იქნება მისაღები „ქართული ოცნებისთვის“ მაშინაც კი, თუ არჩევნებს კომპეტენტური და ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციები ლეგიტიმურად მიიჩნევენ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ 19 ივლისს, როდესაც „ეს შენ გეხებას“ მიერ შემოთავაზებული პრინციპების მიღებაზე მმართველი პარტიის თანხმობის შესახებ გამოაცხადა, ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტის ყველა პუნქტი მისაღები უნდა იყოს ყველა იმ პარტიისთვის, რომელიც „დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში მართლაც ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და არა არჩევნების საბაბით რაიმე სხვა ტიპის პროცესები“.

რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ განაცხადეს, რომ ისინი შეუერთდებიან დეკლარაციას.