თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. 21-22 ივლისს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის (МОФЕПН) პრეზიდენტი, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის მრჩეველი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის სიტყვიერების აკადემიის ნამდვილი წევრი ვალერი არკადის ძე ალექსეევი.
ვალერი ალექსეევი თბილისში, საპატრიარქოს რეზიდენციაში მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელსაც ბატონმა ვ. ალექსეევმა საჩუქრად გადასცა პატრიარქის ოქროს კვერთხი ძვირფასი ქვებით და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის სალამი.იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გაიმართა ბატონი ვ. ალექსეევის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით ბაქრაძესთან.
შეხვედრის დროს შეეხნენ საკითხთა ფართო წრეს, როგორიცაა ქრისტიანობის მდგომარეობა როგორც რუსეთსა და საქართველოში, ისე კავკასიაში და თანამედროვე ევროპაში; საერთაშორისო მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის ურთიერთქმედება მართლმადიდებელ ხალხთა სულიერი ერთიანობის განმტკიცებისათვის; აღმოსავლურქრისტიანული სულიერი ტრადიციის ქვეყნების თანამშრომლობა ფონდის პროგრამების ჩარჩოებში და სხვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში „МОФЕПН“-ის რიგი პროგრამების მომზადებას და განხორციელებას, კერძოდ – სექტემბრისათვის დასახულ ღონისძიებებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს აღსაყდრების 35 წლის იუბილეს ფარგლებში. „МОФЕПН“-ის პრეზიდენტმა, ბატონმა ვ. ალექსეევმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, 2012 წლის სექტემბერში ორგანიზება გაუწიოს საქართველოში – თბილისსა და მცხეთაში სამი საეკლესიო გუნდის – „მართლმადიდებელი რუსეთის ხმების“ – რამდენიმე კონცერტს, აგრეთვე, საქართველოსადმი მიძღვნილი კინოფილმის პრეზენტაციას, რასაც დიდი მოწონებით შეხვდნენ როგორც კათოლიკოს-პატრიარქი, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
გვიან ღამემდე გაგრძელებული საუბრის დამთავრებისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა „МОФЕПН“-ის პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი ტრაპეზზე მიიწვია, ამასთან, სტუმრებს ცოტა ხნის წინ პარიზში გამართული მისი საავტორო მუსიკალური საღამოს ვიდეოჩანაწერი აჩვენა.
„МОФЕПН“-ის პრეზიდენტი შეხვდა, აგრეთვე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორს, ბატონ არნო ხიდირბეგიშვილს, რომელიც ბატონ ალექსეევს ახლდა მცხეთაში უძველესი ტაძრების – სვეტიცხოვლისა და ჯვრის – მონახულებისას და რომელსაც უამბო ფონდის მოღვაწეობისა და ზემოთ აღნიშნული პროექტის შესახებ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 35 წლის იუბილესადმი არის მიძღვნილი („საქინფორმი“ უახლოეს ხანებში გამოაქვეყნებს).
კერძოდ, ბატონმა ვ. ალექსეევმა „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორს გაუზიარა ის სასიამოვნო სიურპრიზები, რომლებსაც ფონდი კათოლიკოს-პატრიარქისთვის სექტემბრის კულტურული პროგრამის დროს ამზადებს (გასაგები მიზეზებით, ამ სიურპრიზებს მკითხველისათვის ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ).
22 ივლისს „МОФЕПН“-ის პრეზიდენტი თბილისიდან მოსკოვს გაემგზავრა.
„МОФЕПН“-ის პრეზიდენტის, ბატონი ვ. ალექსეევის უკიდურესად დატვირთული ორდღიანი ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან მისი მთავარი ორგანიზატორის – დეკანოზ გიორგი (ხარაზიშვილის) მუდმივი მონაწილეობით მიმდინარეობდა.