სამართალი
თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ რუსი და ქართველი ახალგაზრდა პოლიტოლოგების მონაწილეობით ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრები იგეგმება. პროექტის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.სახელმწიფო უწყებების გარდა, რუსი და ქართველი მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
პროექტი „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებასა და თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
ცნობისათვის: პროექტი „კონფლიქტის მოგვარების ფონდის“ პროგრამის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი „კავკასიური სახლის“ ოფისში 23 ივლისს იხსნება.